ზღვა, მუსიკა და ყავის არომატი – ბათუმის ბულვარში ყავის ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში ყავის არომატმა ქალაქის საზაფხულო რიტმს განსაკუთრებული ხიბლი შემატა – აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ყავის ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანია ბათუმში ყავის კულტურის მრავალწლიანი ტრადიციის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ყავის მომზადების თანამედროვე მეთოდებისა და პროდუქტების გაცნობა, ასევე, კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
ფესტივალის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. ღონისძიების სტუმრებისა და მსმენელის წინაშე წარსდგნენ მომღერალი აჩიკო ბერიძე და სპეციალური სტუმარი – DJ CHINAU.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. დაგეგმილია ყავის მომზადების მასტერკლასები, ადგილობრივი პროდუქტების პრეზენტაციები, საბავშვო აქტივობები და მუსიკალური ღონისძიებები.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსები.
