ზღვისპირა ქალაქი მსოფლიო ჯაზის სცენად იქცა – ბათუმმა მე-19 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლა
ზღვისპირა ქალაქი სამი დღის განმავლობაში ჯაზის, სოულისა და ფანკის რიტმებით ცხოვრობდა. ბათუმის ზაფხულის საღამოები კიდევ ერთხელ იქცა მუსიკის, ემოციებისა და თავისუფლების სივრცედ, სადაც სხვადასხვა თაობის მელომანები მსოფლიო ვარსკვლავების მოსასმენად შეიკრიბნენ. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალმა, რომელიც უკვე 19 წელია შავი ზღვის რეგიონის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წელს განსაკუთრებული მისია იტვირთა – ფესტივალი მსოფლიო ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მელომანებმა მსოფლიო ჯაზის გამორჩეულ შემსრულებლებს მოუსმინეს, რომლებმაც საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური საღამოები შესთავაზეს.
ფესტივალის პირველ დღეს მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით ცნობილი პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი თავისი ბენდით წარსდგა. მათ მსმენელს მაილს დევისის მუსიკალური მემკვიდრეობა თანამედროვე ინტერპრეტაციით შესთავაზეს.
„ეს მსოფლიოში განსაკუთრებული ფესტივალია და აქ ჩამოსვლა ყოველთვის დიდი გამოცდილებაა, თავს ისე ვგრძნობთ თითქოს ოჯახში ვბრუნდებით. სცენაზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსმენელის ენერგიაა. დღეს ვიგრძენით, რომ ადამიანები მთელი გულით უსმენდნენ ჩვენს მუსიკას, სწორედ ასეთი კავშირი იძლევა ძალას, გააერთიანოს ადამიანები და მათში ემოციები გააღვიძოს. ამიტომ ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივია და იმედი გვაქვს, მომავალ წელსაც დავბრუნდებით,“ – განაცხადა ვინს უილბურნ ჯუნიორმა.
11 ივლისს, ჯაზ ფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს, მსმენელის წინაშე ამერიკელი ვარსკვლავი ერიკ ბენე წარსდგა. მომღერალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია გამორჩეული ვოკალითა და კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით, ქართველ მელომანებს თავისი ცნობილი ჰიტებით წარუდგა.
12 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბენდ Ghost-Note-ის ენერგიული კონცერტით დასრულდა.
ფესტივალის სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი მუსიკალური ღონისძიებები ბათუმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
„ჯაზი ყოველთვის თავისუფლების მუსიკად მიმაჩნდა და როდესაც ასეთ არტისტებს საკუთარ ქალაქში უსმენ, ეს დაუვიწყარი განცდაა. ბათუმს ძალიან უხდება ასეთი ფესტივალები, ქალაქი თითქოს კიდევ უფრო ცოცხლდება და განსაკუთრებულ ატმოსფეროს იძენს,“ – გვითხრა ლიზი ბარამიძემ.
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი უკვე ზაფხულის მთავარი ტრადიციაა. როცა ბათუმში მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოდიან, ეს მხოლოდ კონცერტი აღარ არის, ეს ქალაქის დღესასწაულია. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბათუმი საერთაშორისო კულტურულ რუკაზე ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს,“ – აღნიშნა დავით თებიძემ.
ფესტივალის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორმა კახა კანდელაკმა.
„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმის სავიზიტო ბარათია. უკვე მე-19 წელია, ფესტივალი შავი ზღვის რეგიონში უწყვეტად იმართება და საერთაშორისო შოუ-ბიზნესის კალენდარში ღირსეული ადგილი უკავია. ის ისეთ ცნობილ საზაფხულო ჯაზ ფესტივალებთან ერთად მოიხსენიება, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, Umbria Jazz, North Sea Jazz Festival და სხვა. ეს კი არამხოლოდ კულტურული, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის პოპულარიზაციას. წლების განმავლობაში, ფესტივალს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანია როგორც ბათუმისთვის, ისე, მთლიანად, რეგიონისთვის, განსაკუთრებით ტურიზმის, მომსახურებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი თავისი ხასიათით, ხალისის, თავისუფლების, ბედნიერებისა და მუსიკალური მრავალფეროვნების ფესტივალია. პროგრამა ჯაზის გარშემო ყოველთვის სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – ფანკს, R&B-ს, როკს, ელექტრონულ მუსიკასა და გრუვს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ფესტივალის განსაკუთრებულ ხასიათს. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ტრადიციულად იმართება სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მხარდაჭერით. თითოეული მათგანის თანადგომა ფესტივალის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია და მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა კახა კანდელაკმა.
სამდღიანი მუსიკალური მოგზაურობის შემდეგ, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი კიდევ ერთხელ დაემშვიდობა მელომანებს, ამჯერად, ერთი წლით. ფესტივალი იმ იმედით დასრულდა, რომ ეს გამორჩეული ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება, ბათუმი კი კვლავ უმასპინძლებს მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს, რომლებიც ზღვისპირა ქალაქს კიდევ არაერთ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს აჩუქებენ.
ნანა აბულაძე
გალერეა

