ზღვის წყლის ხარისხი დასაშვები ნორმების ფარგლებშია
By

ზღვის წყლის ხარისხი დასაშვები ნორმების ფარგლებშია

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე გარემოს ერვნული სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილე თამარ შარაშიძეთან ერთად, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, ზღვის წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. როგორც დენის სალუქვაძემ აღნიშნა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის კვლევა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩვენი უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კვლევები რეგულარულად, ყოველ 10 დღეში ერთხელ ტარდება და მოიცავს აჭარის სანაპირო ზოლის შვიდ ძირითად მონაკვეთს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩვენს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ სანდო და დროული ინფორმაცია ზღვის წყლის ხარისხის შესახებ.

მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე აჭარის სანაპირო ზოლში, შერჩეულ შვიდივე საკვლევ წერტილში, ზღვის წყლის ხარისხი დასაშვები ნორმების ფარგლებშია. აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში. კვლევების მიზანია, დროულად გამოვავლინოთ ნებისმიერი შესაძლო ცვლილება და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ჩატარებული კვლევების შედეგებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად, 14 წერტილში ახორციელებს. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

აჭარის სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველ ათ დღეში ერთხელ ახორციელებს.

მონიტორინგი სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე შვიდ საკვლევ წერტილში მიმდინარეობს. კვლევები მოიცავს ბათუმის ცენტრალურ პლაჟს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟს, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიასა და მწვანე კონცხს. ზღვის წყლის ხარისხის კვლევები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. საკურორტო სეზონის განმავლობაში სულ 98 სინჯის აღებაა დაგეგმილი.

შავი ზღვის წყლის მონიტორინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელები.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *