„თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები“ – კონფერენცია შუახევში
By

„თანამედროვე მიდგომები და პერსპექტივები“ – კონფერენცია შუახევში

მეოთხედი საუკუნის წინ აჭარის მთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში სამი სკოლამდელი დაწესებულება იყო. ამჟამად წელაში, შუახევსა და ხულოში 50-მდე საბავშვო ბაგა-ბაღია და 10-მდე ალტერნატიული ბაღი. ისიც აღსანიშნავია, რომ დაბა ქედის, დანდალოს, დღვანის, ხაბელაშვილების, ფურტიოს, ხიჭაურის, კვატიის, ყინჩაურის, ღურტას, ქედლების, მეკეიძეების სკოლამდელმა დაწესებულებებმა აკრედიტაცია გაიარეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელთა გულისხმიერი დამოკიდებულება განათლების ამ სფეროსადმი იმის საფუძველს ქმნის, რომ მომავალში ყველა ბაგა-ბაღმა გაიაროს აკრედიტაცია.

15 ბაგა-ბაღი, 8 ალტერნატიული ბაღი მოქმედებს შუახევში. დასაქმებულთა რაოდენობა კი 242-ს აღწევს. რეგიონის მასშტაბით, შუახეველებმა პირველებმა გამართეს მუნიციპალური კონფერენცია, რაც მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთობლივი მუშაობის შედეგია. წელს ორივე სუბიექტის, უშუალოდ მერიის ახალგაზრდული განყოფილების გამგე ამირან ხიმშიაშვილის ჩართულობით, კონფერენცია ხულოს, შუახევისა და ქედის ბაგა-ბაღების მენეჯერების, რიგი აღმზრდელ-პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანებების მონაწილეობით გაიმართა.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მე-2 მუნიციპალური კონფერენციის დევიზი იყო: „თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“. იგი გახსნა შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა მადონა არძენაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარიამ მიქაუტიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი რუსუდან შავაძე, ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე, ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ჯემალ ართმელაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე, შუახევის მერიის განყოფილების გამგეები ამირან ხიმშიაშვილი და მარინა შარაშიძე.

დაბა შუახევის, მახუნცეთის, კვატიის, ფურტიოს, ჭვანის, დაბა ხულოს, ჭალა-წყაროთის, უჩამბის, ღორჯომის, პირველი მაისის, ხიჭაურის, ქედლების, დოლოგნის ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა თებრონე ბერიძემ, მაია ირემაძემ, ნათია სურმანიძემ, მერი ბოლქვაძემ, მაია ბერიძემ, მზევინარ აბულაძემ, მადონა მჟავანაძემ, ნანა ბათაძემ, გიული მარკოიძემ, ნატო ზანაქიძემ, ლამზირა ქარცივაძემ, ციური აბულაძემ, შორენა ქოქოლაძემ და კვება-ჰიგიენის სპეციალისტმა ირმა ქათამაძემ წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც გამოცდილების გაზიარებას, სკოლამდელი აღზრდის საკითხებს, მომავალ საქმიანობას ეძღვნებოდა.

ითქვა, რომ მოსახლეობის მიგრაციისა და სხვა გამოწვევების ფონზე გაერთიანებების დირექტორები, ბაგა-ბაღების მენეჯერები, აღმზრდელ-პედაგოგები შესაძლებლობის მაქსიმუმს იყენებენ, რათა მთიანი აჭარის შორეულ სოფლებში მცხოვრები ადრეული და სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი სარგებლობდეს აღზრდისა და ურთიერთობების იმ სიკეთეებით, რაც ამ ეტაპზე ბაგა-ბაღებსა და ალტერნატიულ ბაღებშია. თვითმმართველობის ორგანოები ზრუნავენ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და კვალიფიციური აღმზრდელ-პედაგოგების მოზიდვა-დასაქმებისთვის.

წარმოდგენილ მოხსენებებსა და მისასალმებელ სიტყვებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბაგა-ბაღებში აღზრდილი ბავშვები სკოლებში აკადემიური მოსწრებითაც გამორჩეულები არიან.

კონფერენციის დასასრულს ამირან ხიმშიაშვილს, აიშე თებიძეს, მადონა არძენაძესა და ჯემალ ართმელაძეს – მადლობის ბარათები, ხოლო მომხსენებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენციის მონაწილეებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

აიშე თებიძე: მისასალმებელია მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექციის ეს წამოწყება. თითქმის ორი ათეული წელია, ამ თანამდებობაზე ვსაქმიანობ და ასეთი ხასიათის, აზრთა გაზიარების ღონისძიების მონაწილე პირველად ვიყავი. კარგი იქნება, თუ გაისად კონფერენციას ქედელები ვუმასპინძლებთ.

ლამზირა ქარცივაძე: კონფერენციაზე მე და ნინო ნაკაშიძემ ერთობლივი მოხსენება წარმოვადგინეთ თემაზე: „ეფექტური თანამშრომლობა ოჯახსა და ბაღს შორის“. დისკუსიამაც კარგად ჩაიარა. სხვა სკოლამდელი დაწესებულებებისგან განსხვავებით, ხიჭაურის დასახლებაში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელთა კონტინგენტი ნორმალურია, რაც სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებაში ხელს გვიწყობს. აღსანიშნავია მშობლების ჩართულობაც.

მადონა არძენაძე: დიდი პასუხისმგებლობისა და გამოწვევების წინაშე ვართ. გაერთიანების თითოეული თანამშრომელი, აღმზრდელ-პედაგოგები გრძნობენ რა დაკისრებულ პასუხისმგებლობას, შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, რომ პატარებს აღზრდის ნორმალური გარემო ჰქონდეთ. სტიმულის მომცემია ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანადგომა. ეს კონფერენციაზეც დადასტურდა.

გიული მარკოიძე: კონფერენცია კმაყოფილებმა დავტოვეთ. ეს მარტო გამოცდილების გაზიარება არ იყო, ღონისძიებამ ერთმანეთს დაგვაახლოვა. იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია მომავალ წელს ხულოშიც გაიმართება.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *