თანამედროვე  მწერლობა – კომერციის ჩრდილში
By

თანამედროვე  მწერლობა – კომერციის ჩრდილში

თანამედროვე ეპოქაში ადამიანი ტექნოლოგიებისა და სწრაფი ცხოვრების რიტმის გავლენის ქვეშაა, სულ უფრო ნაკლები დრო აქვს თვითშემეცნებისთვის და სიღრმისეული აზროვნებისთვის. ამიტომ, მწერლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვით უნდა შეძლოს ადამიანის გამოფხიზლება და ყოველდღიურ ქაოსში სიცოცხლისთვის აზრის მინიჭება, მაგრამ თანამედროვე მწერლები თავადაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. მათთვის მხოლოდ კარგი ნაწარმოების დაწერა   არასაკმარისია,  ვიდეოების გადაღება  და სოციალურ ქსელებში რეკლამირებაცაა საჭირო, რათა  მუდმივი ყურადღება შეინარჩუნონ.  ნელ-ნელა მწერალი  მარკეტინგის ნაწილი ხდება, რადგან  საზოგადოება  ავტორის ონლაინიმიჯს  უფრო  აქცევს ყურადღებას, ვიდრე  ნაწარმოებს. ფინანსური პრობლემაც მნიშვნელოვან  დაბრკოლებას  წარმოადგენს.  წიგნის გამოცემა, პოპულარიზაცია და გავრცელება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო ანაზღაურება  მცირეა. ამიტომ, უამრავი  მწერალი იძულებულია საყვარელი საქმის პარალელურად სხვა  საქმით დაკავდეს. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თანამედროვე ლიტერატურაში კომერციამ ხელოვნებაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გამომცემლობების უმეტესობა  და ლიტერატურული ბაზარი ცნობად ადამიანებსა და საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელ ლიტერატურაზეა ორიენტირებული,  ამიტომაც  რთულდება ისეთი ლიტერატურის არსებობა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში აღწევს და მნიშვნელოვან საკითხებზე აფიქრებს.

– საქართველოში დაბადება, ამ ქვეყნის კულტურა, ცხოვრების რიტმი,  მთებში გაგონილის მოსმენა და მებრძოლი სულის შეგრძნება, უკვე ნიშნავს, რომ შეგიძლია მოყვე მშვენიერი ამბები, მით უმეტეს, თუ მწერლის ენაც თან დაგყვება. მშვენიერი ამბავი მხოლოდ კეთილი დასასრული არაა, არამედ იმ ადამიანების წიგნად ქცევაა, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ ჩვენი მიწის ქართული  სული, სილამაზე და განსაკუთრებული რიტმი, რომელიც თავისუფალ საქართველოს ამჩნევია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხმა მკითხველამდე ვერ მიდის, რადგან რომელიმე ახალბედა მწერლის ენას  დაიწუნებენ და მთელ ქართულ თანამედროვე მწერლობაზე აკეთებენ  სუბიექტურ შეფასებას. ასევე, დიდი გამომცემლობები „ყველაზე გაყიდვადის“ წოდებას თუ არ მოგვანიჭებენ, ისე არ ინტერესდებიან, არადა, რამდენი ლამაზი და ძლიერი სიტყვა ითქვა, რომელიც მკითხველს ელოდება. დარწმუნებული ვარ, უამრავი   კულტურული მემკვიდრეობა იკარგება და მათი არსებობის შესახებ არც კი ვიცით, რადგან  ახალბედებს სივრცე არ გვეძლევა. ვისურვებდი, რომ  გამომცემლობებში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გაეცნობიან ახალი ავტორების შემოქმედებას და მათთვის კარის გაღება არ  მოერიდებათ, რადგან ზოგჯერ ერთი შანსი საკმარისია იმისთვის, რომ უკვდავი სიტყვა დაიბადოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, – გვითხრა მწერალმა მარიამ ბაიდაშვილმა.

 

– თანამედროვე ქართველი ავტორის გზა დღეს მხოლოდ წერას არ მოიცავს. ესაა  ბრძოლა ცნობადობისთვის, ფინანსური რესურსებისთვის, მკითხველამდე მიღწევისთვის  და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის.  მრავალი სირთულის წინაშე ვდგავართ, რაც ხშირად შემოქმედებით პროცესსაც აფერხებს.  ახალბედა ავტორებით გამომცემლობები იშვიათად ინტერესდებიან, რადგან მათთვის მთავარი კომერციული წარმატებაა. ავტორი ხშირად საკუთარი ხარჯებით ბეჭდავს წიგნს, ზოგიც წლების განმავლობაში ინახავს ხელნაწერს, რადგან გამოცემის შესაძლებლობა არ აქვს. განსაკუთრებით რთულია წიგნის გავრცელება, რადგან ქართულ ბაზარზე მონოპოლიური გარემოა, სადაც წიგნის მაღაზიები ავტორებისთვის შეუსაბამო პირობებს აწესებენ. მაღალი საკომისიო და არახელსაყრელი თანამშრომლობის ფორმები განსაკუთრებით აზარალებს ავტორებს, რომლებიც წიგნს საკუთარი ხარჯებით ბეჭდავენ. ხშირ შემთხვევაში, მიღებული შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ავტორისთვის წიგნის მაღაზიასთან თანამშრომლობა წამგებიანია, ამიტომ საკუთარი ძალებით გვიწევს წიგნის გავრცელება. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ თანამედროვე ქართველ მწერლებს არ აქვთ მხარდაჭერა. არ არსებობს არანაირი დაფინანსება, სტაბილური პროგრამები ან გარემო, სადაც ავტორს მხოლოდ წერაზე შეეძლება ფიქრი. ამიტომ, ბევრი იძულებულია სხვა საქმით დაკავდეს, რათა ოჯახი არჩინოს. ამ დროს, დაღლილობასა და ყოველდღიურ პრობლემებს შორის, წერისთვის დრო და ენერგია ნაკლები გვრჩება. ეს სირთულეები ხშირად ამცირებს მოტივაციას და ავტორს განცდა ეუფლება, რომ მისი შრომა სათანადოდ არ ფასდება, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილი სათქმელი ყოველთვის  იპოვის გზას და აუცილებლად მიაღწევს მკითხველამდე. თანამედროვე ქართველი ავტორის გზა რთულია, მაგრამ სწორედ ამ სირთულეებში იბადება ლიტერატურა, რომელიც მომავალში ეპოქის მთავარ სათქმელად დარჩება, – გვითხრა  მწერალმა თამარ ჩხაიძემ.

 

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • მაისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *