თანამშრომლებს უწყების ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს
By

თანამშრომლებს უწყების ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს უწყების ახალი თავმჯდომარე პაატა კეშელავა წარუდგინეს.

პაატა კეშელავამ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა მისთვის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც უსკოს გუნდთან ერთად ეფექტიანი, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობით უპასუხებს. მისი თქმით, უსკოს საქმიანობის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის საარჩევნო ადმინისტრირება, მაქსიმალური საჯაროობა და, კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა იქნება.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი კაპიტალი საზოგადოების ნდობაა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით წარიმართება კომისიის საქმიანობა, ხოლო მედიასთან, საზოგადოებასთან და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილესთან ურთიერთობა დაფუძნებული იქნება ღია, გამჭვირვალე და თანასწორ კომუნიკაციაზე“ – განაცხადა პაატა კეშელავამ. უსკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ორგანიზება და ჩატარება.

უსკოს ახალმა ხელმძღვანელმა განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნა ყოფილი თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას მრავალწლიანი საქმიანობა და მნიშვნელოვანი წვლილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განვითარებაში. პაატა კეშელავას განცხადებით, უფლებამოსილების გადაბარების დღევანდელი ფორმატი მაღალი ინსტიტუციური კულტურის თვალსაჩინო გამოხატულებაა, რომელიც ეფუძნება მემკვიდრეობის, უწყვეტობისა და დაგროვილი გამოცდილებისადმი პატივისცემას.

უსკოს ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა რწმენა, რომ პროფესიონალიზმით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობლივი ძალისხმევით კომისია მომავალშიც ღირსეულად შეასრულებს მისთვის კანონით დაკისრებულ მნიშვნელოვან მისიას.

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *