თეა ახვლედიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. თავის მხრივ, ახალმა წარმომადგენელმა, იზაბელა კასტროჯოვანიმ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისადმი და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.