„თრიალეთის თასი“ – საუკეთესოდ ჩატარებული სპორტული ღონისძიება
ჩენმა ქალაქმა სამ დღეს ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს – ,,თრიალეთის თასი“ უმასპინძლა, რომელიც ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მასში 20 ქვეყნის 78 მოციგურავე მონაწილეობდა. ტურნირზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრები.
ქართული მელოდიებით, ცეკვებითა და ეროვნული ელემენტებით გაჯერებულმა გახსნის ცერემონიამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ ზეიმს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.
შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა მიმართა.
სამი დღის განმავლობაში ბათუმის ყინულის მოედანზე მაყურებელმა მაღალი დონის, სანახაობრივი და დაძაბული სპორტული შეჯიბრებები იხილა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების გამოსვლა – მათ სამ დისციპლინაში გაიმარჯვეს. ერთეულ მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძემ ოქროს მედალი დაიმსახურა. სპორტულ წყვილებში გამარჯვება ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს, სპორტულ ცეკვებში კი ჩემპიონები დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გახდა.
წარმატებული იყო ქართველი სპორტსმენების გამოსვლა ქალთა შორისაც. ანასტასია გუბანოვამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო უფროსებში სადებიუტო გამოსვლა წარმატებით დაასრულა ინგა გურგენიძემ, რომელმაც მეექვსე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ინგამ საჭირო ტექნიკური ქულების მინიმალური რაოდენობა დააგროვა, რითაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ამ ღონისძიებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ღონისძიების მასპინძლობა შეუძლია. სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების, მათი მწვრთნელების, გუნდების, მსაჯებისა და საერთაშორისო ოფიციალური პირების მონაწილეობით ასეთი მასშტაბის შეჯიბრების წარმატებით ჩატარება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული მიღწევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი კვირით ადრე ამ შეჯიბრებას წინ ასევე მასშტაბური ტურნირი – გრან პრის სერიის ეტაპი უძღოდა იუნიორთა შორის, რომელიც ასევე საუკეთესოდ ჩატარდა.
– „თრიალეთის თასი“ საქართველოში მეორედ იმართება, პირველი 2025 წელს ჩავატარეთ – ზამთრის ახალგაზრდული ფრესტივალი, რომელშიც ინგა გურგენიძემ გაიმარჯვა. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა, დიდი წარმატება ვიზეიმეთ ოლიმპიურ თამაშებზე – ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ. იმედია, ეს შჯიბრებები შემდგომში უფრო მასობრივი გახდება. ბოლო წლებია, სპორტის ფიგურულ ციგურაობას გაცილებით მეტი ახალგაზრდა ეუფლება, მეტი ინტერესი გაჩნდა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ შეჯიბრებების ჩატარებით, სწორი ნაბიჯები გადავდგით, – აღნიშნა „აჭარასთან“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
– ყოველთვის მიხარია, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები ტარდება სპორტის ნებისმიერ სახეობაში. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ, ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ სპორტსმენებს, – გვითხრა ლეგენდარულმა სპორტსმენმა, სეოკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.
– ბათუმმა ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა. აქ ჩატარებით, სტუმრებისთვის გვსურდა გვეჩვენებინა, როგორი გამორჩეულია აჭარა. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ასეთი დონის ტურნირის ჩატარება, უპირველესად, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის განვითარებისთვისაა კარგი. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ტურნირი გაიმართოს, მეტი მაყურებელი მოვიდეს, მეტი ბავშვი დაესწროს ამ ლამაზ სანახაობას, რომ თავადაც დაინტერესდეს, მოვიდეს სავარჯიშოდ ბათუმისა და თბილისის ყინულის მოედნებზე. ჩვენი ამოცანაა, აქ მომავალი ჩემპიონები გაიზარდონ, – გვითხრა საქართველოს ფიგურული ციგურობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.
„თრიალეთის თასი“ დასრულდა, თუმცა მისმა შედეგებმა და საერთაშორისო გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა – საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელსაც ფიგურულ ციგურაობაში დიდი საერთაშორისო ტურნირების ღირსეულად მასპინძლობა შეუძლია.
მანანა ძიძიშვილი