თურქეთის ელჩი: მსურს, ხაზი გავუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
By

თურქეთის ელჩი: მსურს, ხაზი გავუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მუსტაფა თურქერ არისმა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურ დიპლომატიას ახორციელებს როგორც საკუთარ რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისივე განცხადებით, თურქეთის საგარეო პოლიტიკა პრინციპული და მშვიდობისმოყვარეა, რომელიც  დიდი ათათურქის დევიზს: „მშვიდობა – სახლში, მშვიდობა – მსოფლიოში“ ეფუძნება.  ელჩის განცხადებით, თურქეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია დიპლომატიური ხაზის შენარჩუნება, დაძაბულობის განმუხტვა და ღირსეული დიალოგის არხების გახსნა. ელჩმა თურქეთსა და საქართველოს შორის  არსებულ კავშირზე ისაუბრა და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ქვეყნებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობს.
„თურქეთსა და საქართველოს შორის ინტერაქცია და ურთიერთკავშირი საუკუნეებს ითვლის, დღეს ჩვენ ვართ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს და რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ არა მხოლოდ კეთილმეზობლობა, არამედ უაღრესად მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები.
მინდა გავიხსენოთ ორ ქვეყანას შორის 1918 წლის 4 ივნისს ხელმოწერილი „მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება“ და ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველმა ელჩმა სიმონ მდივანმა, 1921 წლის 8 თებერვალს, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქს გადასცა რწმუნებათა სიგელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან გასული 35 წლის განმავლობაში ორმხრივმა თანამშრომლობამ ყველა სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დღეს ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსავლენად, რათა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენს მეგობრობაში უკვე მიღწეული შედეგები. როგორც დიდი შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ აღნიშნავს, „სიყვარული მოყვასისა, უმტკიცესია ყოვლისა“, – წერს თურქეთის ელჩი.

მისი თქმით, ორ ქვეყანას აქვს ფართო სპექტრის თანამშრომლობა, რომელიც ვრცელდება განათლებიდან სამხედრო სფერომდე და კულტურიდან ტურიზმის სექტორებამდე.

„ჩვენ ვურჩევთ ყველა დაინტერესებულ პარტნიორს, განამტკიცონ ამ სფეროში არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიზნით, ისარგებლონ: TIKA-ს პროექტებით, „საერთაშორისო მაარიფის სკოლების“ პროგრამებით, თურქეთის სტიპენდიებით, იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის პროგრამებით, თურქეთის ავიახაზებისა და სხვა კომპანიების რეისებით. საქართველოში მოქმედი თურქული ბანკები „ზირაათ ბანკი“ და „იშბანკი“ უკვე მრავალი ათწლეულია, ფინანსურ თანამშრომლობას უწყობენ ხელს. ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, დიდი პოტენციალი აქვს თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში და ველით ახალი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით.
თურქეთი ამაყობს იმით, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2026 წლის პირველ რვა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ წლიური სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გავზარდოთ. ამ მიზნის მიღწევას დამატებით ბიძგს აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველოს მიერ შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს წყალობით, ქვეყანაში თითქმის სამი ათასი თურქული კომპანია ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სტუმარმასპინძლობა, სამოქალაქო ავიაცია, განახლებადი ენერგია და წარმოების სექტორი. საქართველოში განხორციელებულმა თურქულმა ინვესტიციებმა ჯამში 2,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა იმ პროექტებისა, რომელთა საერთო ღირებულებაც 5,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, თურქული სამშენებლო კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების მიმართაც.

მსურს, ხაზი გავუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონისთვისაც. თურქეთს გააჩნია მტკიცე პოლიტიკური ნება, კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები ყველა შესაძლო მიმართულებით.
მინდა, ვისარგებლო ამ საზეიმო შემთხვევით და გულწრფელად მივესალმო საქართველოს მეგობარ ხალხს და მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი დღესასწაულისა და სიხარულის გაზიარებისთვის“, – ნათქვამია თურქეთის ელჩის მუსტაფა თურქერ არის განცხადებაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *