თურქეთში საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“ გაიმართება
3-5 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქებში – ინეგოლში, ორჰანგაზსა და ბურსაში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „ჩვენებურები“.
ფესტივალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, წელს, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ეძღვნება ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.
ინეგოლში, ორჰანგაზსა და ბურსაში დაგეგმილ გალა კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის კულტურის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“ და სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“. ასევე, ინეგოლისა და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები.
ფესტივალი დასრულდება 5 ივლისს, ქ. ბურსაში, ათათურქის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლების „არსიანისა“ და ,,ბათუმის“ გრანდიოზული გალა კონცერტით, რომელსაც დაესწრება თურქეთში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი.