ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას და განწყობის გაუარესებას იწვევს
By

ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა სტრესის დონის მატებას და განწყობის გაუარესებას იწვევს

ასეთ დასკვნამდე დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ, რომელთა კვლევაც ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.

2025 წელს, სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.

ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები ყოველ საღამოს გადიოდნენ შეფასებას. ისინი აზიარებდნენ ინფორმაციას საკუთარი განწყობის, სტრესის დონის, ინტერნეტში შესვლის სურვილისა და ქსელში გატარებული საერთო დროის შესახებ. ასევე, იზომებოდა ინტერნეტიდან მიღებული სიამოვნება და ის, თუ რამდენად იგნორირდებოდა ამის გამო სხვა აქტივობები.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეები ინტერნეტის პრობლემური მოხმარების შედარებით მძიმე ფორმებით უფრო ხშირად განიცდიდნენ ცუდ განწყობას, ძლიერ სტრესს, მეტ დროს ატარებდნენ ქსელში და უგულებელყოფდნენ ცხოვრების სხვა სფეროებს. ინტერნეტის გამოყენების გაგრძელების მთავარი მამოძრავებელი ძალა ცდუნება აღმოჩნდა, ხოლო სიამოვნებისა და შვების შეგრძნებები განმამტკიცებელ ფაქტორებად გვევლინებოდა.

„ონლაი-აქტივობებით დაკავებას განსაზღვრავს არა იმდენად თვითონ სტრესი ან განწყობა, არამედ წამიერი სურვილი, შეხვიდე ინტერნეტში“, – აღნიშნა კვლევის თანაავტორმა ანდრეას ოლკერმა. მან დასძინა, რომ დამოკიდებული ადამიანები ქსელში გატარებულ დროს შესაძლოა ჯილდოდ აღიქვამდნენ.

ოლკერის თქმით, იმ მიზეზების გაგება, რის გამოც პრობლემური მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანები გარკვეულ მომენტებში ინტერნეტში შედიან, პრევენციისა და მკურნალობის უფრო ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად არის აუცილებელი.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანების დახმარება ცდუნების მომენტების ამოცნობასა და მართვაში შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე მხოლოდ სტრესსა თუ განწყობაზე კონცენტრირება“, – აღნიშნავს ანდრეას ოლკერი.

შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყოველდღიური სტრესი, განწყობა და ცდუნება იძლევა ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების პროგნოზირების საშუალებას. ეს ფაქტორები, ასევე, მოქმედებს მიღებულ სიამოვნებაზე, შვებასა და სხვა საქმიანობების უგულებელყოფაზე. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უარყოფით შედეგებს იწვევს მხოლოდ პრობლემური ან გადაჭარბებული გამოყენება და არა ინტერნეტი მთლიანობაში.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე პროცენტს უვითარდება მოხმარების პათოლოგიური მოდელები. ინტერნეტით სარგებლობას მოაქვს სიხარული, გართობა ან სტრესისგან შვება, თუ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროები სისტემატურად არ იგნორირდება“, – განმარტა კვლევის თანაავტორმა სილკე მ. მიულერმა.

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *