ინტერპოლის 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.
By

ინტერპოლის 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე, წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო – 54-ე რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყნის მზარდ როლსა და ნდობას.

კონფერენციას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი გიორგი ბოლოთაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე შალვა შუბლაძე.

კენჭისყრამდე, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების, საერთაშორისო ოპერაციებში წარმატებული თანამშრომლობისა და სამართალდამცავი სისტემის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ.

2027 წელს საქართველოში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრებიან ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ევროპის რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს მიერ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართალდაცვით სფეროში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *