ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
მოსახლეობის რაოდენობით ფურტიო შუახევის რაიონში ყველაზე დიდი სოფელია. აქაური მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამსახურშია სკოლისა და ბაგა-ბაღის თანამედროვე სტანდარტების შენობები. მოსწავლეთა და აღსაზრდელთა კონტინგენტიც, სხვა სოფლებთან შედარებით, მაღალია. ფურტიო პირველი სოფელია, სადაც მოასფალტებული გზა შევიდა. ბეტონის საფარია დაგებული შიდასასოფლო გზებზე. ფურტიოელები 29 კილომეტრიდან გამოყვანილი სასმელი და სარწყავი წყლით სარგებლობენ.
დასრულდა სოფელ ფურტიოს „სოფლის სახლის“ შენობის სარემონტო სამუშაოები. შეკეთდა დარბაზი, რომელსაც მოსახლეობა შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩასატარებლად იყენებს. შეიძინეს საოფისე ავეჯიც. შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკა, თემის სამედიცინო პუნქტი და რწმუნებულის სამუშაო კაბინეტი.
ფერდსამაგრი კედლები მოეწყო რომან მიქელაძისა და ლევან მახარაძის საცხოვრებელ სახლებთან, რაც მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მიმდინარე სამუშაოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნენ.
– ფურტიო ერთ-ერთი პირველი სოფელია, რომლის ცენტრი თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია, ყველა სოფლის ცენტრი ასე მოვაწყოთ, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე