ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
By

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის შენობის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კვანტალიანმა, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

დაბა ხულოში სპორტული კომპლექსის პროექტის ფარგლებში ამორტიზებული სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა სრულად იქნება მორგებული მრავალფუნქციურ სპორტულ საქმიანობაზე და აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

ინფრასტრუქტურა მოიცავს სპორტულ, სარეკრეაციო და ადმინისტრაციულ სივრცეებს. გათვალისწინებულია 200 მაყურებელზე გათვლილი საჭიდაო დარბაზის მოწყობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სოფელ ღორჯომში დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი, რომლის მშენებლობაც დასრულდა. ორსართულიანი სპორტული კომპლექსი სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურით უკვე სარგებლობს ღორჯომის თემის მოსახლეობა.

„დაბა ხულოში შენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც სპორტის სხვადასხვა სახეობის სექციები განთავსდება. ასევე, ეწყობა საფეხბურთო მოედანი, რომელიც 450 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ვფიქრობ, აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და აღზრდის არაერთ ჩემპიონს. სოფელ ღორჯომის ცენტრში დავათვალიერეთ მრავალფუნქციური დანიშნულების სპორტული დარბაზი. ძალიან სასიამოვნო იყო ადგილზე ახალგაზრდა სპორტსმენებთან გასაუბრება. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია ხულოს მუნიციპალიტეტში, არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ახალგაზრდა თაობის გაძლიერება“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *