ირაკლი კობახიძე: დედაენის სიძლიერე ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა
By

ირაკლი კობახიძე: დედაენის სიძლიერე ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს მიულოცა და აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად. ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა – ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას. მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას. ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 48 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლში შესატანი ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია და ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

  • No Comments
  • აპრილი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *