ირაკლი კობახიძე „ენჯეოების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
თქვენ ხედავდით, რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის „ენჯეოების“ დაფინანსების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი – ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ. ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები. ეს აუცილებელია, რათა გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის საპასუხოდ.
მისივე თქმით, საუბარია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ ეკლესიასა და სხვა ინსტიტუტებზე.
„ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიჰყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსება. პირდაპირ, მიზანმიმართულად აფინანსებდნენ „ენჯეოების“ გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას. ამას უნდა დავუპირისპიროთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გარედან არავინ მოგვახვიოს თავს სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ მცდელობებს, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას უკავშირდება ის ინიციატივა, რომელიც გახმოვანდა“, – აღნიშნა პრემიერმა.