ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ბაქოში საქართველო პარტნიორებთან მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს
By

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ბაქოში საქართველო პარტნიორებთან მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.
მთავრობის მეთაური სიტყვით მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე გამოვა. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალური საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. ფორუმში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის,  სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა.
„ბაქო მასპინძლობს მაღალი დონის კონფერენციას, შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, იყოს ორმხრივი შეხვედრები და, ასევე, საქართველოს პოზიციები გაჟღერდეს ამ ფორუმის ფარგლებში,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, სადაც მხარეები საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
„იქნება ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ შევეხებით იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს უკავშირდება. ურთიერთობები, იცით, რომ მაღალ დონეზეა, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *