ირაკლი კობახიძე – ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველი
„პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა პროფესიული პროგრამების წარმატებით განხორციელების მიმართულებით, Skillwill-ის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოლეჯი ახალი პროგრამებისა და სტანდარტების დამკვიდრებაში განათლების სისტემასაც ეხმარება.
„შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill-ი განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად გამოსადეგი და საინტერესოა. მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill-ი ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ის არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება – ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი – ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა. კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
„ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას. თანამედროვე სასწავლო გარემო ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარების და საქართველოში დარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს სპეციალისტების მოზიდვაში ეხმარება. ყველა კვლევის თანახმად, კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით პროფესიული განათლების განვითარებას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით – ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, Skillwill-ში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია. ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ. პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.