ირაკლი კუპრაძე: ანაკლიის პორტზე ხელისუფლება მოდელებს ცვლის, შედეგი კი არ ჩანს
By

ირაკლი კუპრაძე: ანაკლიის პორტზე ხელისუფლება მოდელებს ცვლის, შედეგი კი არ ჩანს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში არაერთი განსხვავებული მოდელი წარადგინა, თუმცა პროექტი დღემდე არ განხორციელებულა. მისი შეფასებით, პრობლემა არა განვითარების მოდელებში, არამედ, ხელისუფლების სტრატეგიისა და საერთაშორისო ნდობის ნაკლებობაშია.
„2016 წელს ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო BOT-ის მოდელი. სწორედ ამ მოდელით გაფორმდა ხელშეკრულება და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ საქართველო მიიღებდა საუკუნის პროექტს. 2020-ში პირველი გემი შემოვიდოდა და ინვესტორების ფულით აშენებული პორტი ქვეყანას დარჩებოდა, – რაც საუკეთესო მოდელი იყო. შემდეგ იმავე ხელისუფლებამ ეს პროექტი საკუთარი ხელით ჩაშალა. 2022 წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი ეკონომიკური გუნდი გვეუბნებოდა, თურმე გამოსავალი სახელმწიფოს 51%-იანი მონაწილეობა და ახალი პარტნიორის მოძიება იყო. 2023 წელს იმავე ხელისუფლებამ, უკვე PPP მოდელი წარმოგვიდგინა, დაიწყო ახალი საერთაშორისო პარტნიორის ძებნა და გვიმტკიცებდა, რომ სწორედ ეს იყო საუკეთესო გზა. დღეს კი ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, თურმე გამოსავალი კიდევ ერთი – Landlord-ის მოდელია. ერთი ხელისუფლება, ოთხი განსხვავებული მოდელი და ერთი შედეგი: გაჩერებული ანაკლია. ყოველი ახალი მოდელი თუ საუკეთესო იყო, მაშინ ჩნდება ერთი მარტივი კითხვა: რატომ არ აშენდა ანაკლია?
დღეს მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ანაკლიის პორტი ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსთან და ბევრ კომპანიასთან პარტნიორობით განვითარდება, თუმცა დღესაც მხოლოდ აბსტრაქტული განცხადება – კონკრეტიკის გარეშე. ეს დაპირება ხელისუფლების მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს სრულად ეწინააღმდეგება. ათი წლის განმავლობაში ერთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს და ახლა საზოგადოებას ჰპირდებიან, თურმე ერთდროულად ბევრ სახელმწიფოსა და ბევრ კომპანიას მოიყვანენ. სად არიან ეს კომპანიები? სად არიან ეს პარტნიორები? სინამდვილეში, დასავლელი ინვესტორები და პარტნიორები თავად დააფრთხეს, დაანგრიეს საერთაშორისო ნდობა, წლების განმავლობაში პროექტი გააჩერეს, ბოლოს კი ჩინურ სახელმწიფო კომპანიებზე დაამყარეს იმედი, თუმცა ვერც ამ მიმართულებით შეძლეს ქვეყნისთვის დამაჯერებელი და დასრულებული შედეგის მიღწევა.
ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი – ყოველი ჩავარდნის შემდეგ, ახალი პრეზენტაცია, ყოველი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, ახალი მოდელი და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ, ახალი ახსნა. პრობლემა არასოდეს ყოფილა BOT-ი, PPP თუ Landlord-ი. მსოფლიოში ამ მოდელით წარმატებული პორტები მუშაობენ. პრობლემა არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული ხედვა, არ აქვს საერთაშორისო ნდობა და არ შეუძლია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისივე განცხადებით, ანაკლია მხოლოდ საპორტო პროექტი არ არის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის ნაწილია. კუპრაძის თქმით, პორტი უნდა აშენდეს გამჭვირვალედ, დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ძლიერი კერძო ინვესტორების მონაწილეობით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამონაწილეობით, რათა რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრად იქცეს.

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *