ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ 7 ივლისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების ბრძანება გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ტრამპის განმარტებით, გადაწყვეტილება ამერიკის მოქალაქეების, ეროვნული უსაფრთხოებისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.
„პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელების ბრძანება გავეცი, რათა ამერიკის მოქალაქეები და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესები დამეცვა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.
„როიტერის“ ინფორმაციით, ტრამპი დოკუმენტში, ასევე, იხსენებს ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად, მათ შორის, 7 აპრილს გამოცხადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას.
პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს 17 ივნისს ირანთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზეც და აცხადებს, რომ თეირანმა შეთანხმება დაარღვია, როდესაც ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებს შეუტია. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღო ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება.
ამასთან, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ომის გამოცხადების უფლებამოსილება კონგრესს ეკუთვნის. თუმცა, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, წლების განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოტივით, არაერთ მოკლევადიან სამხედრო ოპერაციას კონგრესის წინასწარი თანხმობის გარეშე ახორციელებდნენ.