იური ქათამაძე: როგორც მზრდიდნენ, ვეცადე, მეც ისე გამეზარდა შვილები
საზოგადოება მოფრინეთელ იური ქათამაძეს იცნობს როგორც ყოფილ პედაგოგს, სკოლის დირექტორს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, კარგ მეოჯახეს. მას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ვფიქრობთ, მასთან ინტერვიუ ბევრისთვის იქნება საინტერესო.
– ბატონო იური, 80 წელი უკან მოიტოვეთ. რას დაარქმევდით ამ წლებს?
– სასიამოვნოც იყო და რთულიც – გამოწვევებით სავსე. ვფიქრობ, შედეგიანი იყო ეს პერიოდი, რომელიც უკავშირდებოდა ახლად შექმნილი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის – შუახევის რაიონის ცხოვრებას და ისტორიის ამ ნაწილში ჩემს საზოგადოებრივ, საჯარო საქმიანობას.
– პროფესიით პედაგოგმა პირველი გაკვეთილი შორეული ნაღვარევის სკოლაში ჩაატარეთ. იმ წლებმა რა მოგონება დაგიტოვათ?
– ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულებისთანავე (გეოგრაფიის სპეციალობით) გამანაწილეს რაიონის შორეულ სოფელ ნაღვარევში, 8-წლიან სკოლაში და პირველი გაკვეთილი იქ ჩავატარე. ეს იყო ჩემი ნათლობა საჯარო სექტორში. ორი წელი გავატარე ძალიან კარგ კოლექტივთან, რომლის ხელმძღვანელი იყო შესანიშნავი პიროვნება იოსებ ქათამაძე. იგი გახლდათ ყოველმხრივ განათლებული პიროვნება. სწორედ მისგან მივიღე მაგალითი როგორც მასწავლებელმა და მივხვდი, რომ ზოგადად წიგნიერება აუცილებელია საჯარო-საზოგადოებრივ საქმიანობაში, განსაკუთრებით – პედაგოგისთვის.
– შუახევის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგე პედაგოგებთან, განყოფილების სხვა თანამშრომლებთან გატარებულ წლებს ყოველთვის დადებითად იხსენებთ. . .
– შუახევის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგედ 1980 – 2005 წლებში ვიმუშავე. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, სამუშაო – საპასუხისმგებლო, გარემო – სასიამოვნო, პედაგოგებთან და თანამშრომლებთან ერთად გატარებული წლები – შედეგიანი, დიდი გამოცდილების შემძენი და შემდგომ სამუშაო პრაქტიკაში გამოსაყენებელი. ამ პერიოდმა მარგუნა უძვირფასეს მეგობართა წრე. მეთოდური კაბინეტი ორიენტირებული იყო სიახლეების ძიებასა და სკოლებში მათ დანერგვაზე, პედაგოგთა მაღალი სტანდარტების შესაბამისად მომზადებასა და ამ პროცესის ხელშეწყობაზე. მეთოდისტები სკოლებში სიახლეების მისატანად ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს და არა რევიზიის, ანდა ინსპექტირების მიზნით. სკოლებში ჩვენი მისვლა იყო მათთვის ძალიან სასარგებლო, მათგანაც ძალიან კარგი უკუკავშირი გვქონდა და ამ ყველაფერმა შექმნა მეგობრობის პირობები.
– იმ საგანმანათლებლო კერას ედექით სათავეში, რომელიც ახლანდელი შუახევის რაიონის ტერიტორიაზე პირველი საშუალო სკოლა იყო. რას უკავშირდებოდა ეს არჩევანი?
– 2005-2010 წლებში ვმუშაობდი უჩამბის საშუალო სკოლის დირექტორად. ამ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია აღნიშნული სკოლის წარსულთან, რადგან ისტორიული – პირველი საშუალო სკოლაა რაიონში და მეც მსურდა, მისი ისტორიის ნაწილი ვყოფილიყავი, როგორც ხელმძღვანელი, იმდროინდელ კოლეგებთან, პედაგოგებთან ერთად.
– არაერთი წელი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაატარეთ. მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ბოლოს – საკრებულოს ხელმძღვანელი. რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით საქმიანობისას?
– თანამდებობის პირს პრინციპულობა უნდა გახასიათებდეს, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს თვითნებობაში, ხშირად მოგიწევს მოსმენა, სხვისი აზრის გაზიარება და შესაბამისი დასკვნებიც აქედან უნდა მომდინარეობდეს. პირადი შეხედულების, შენი პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, აზრთა სხვადასხვაობის გარეშე რთულია ჭეშმარიტების ძიება.
– თქვენი საკრებულოს ხელმძღვანელად მუშაობის წლები მმართველობაში „ქართული ოცნების“ მოსვლას უკავშირდება. უმტკივნეულოდ გამოემშვიდობეთ თანამდებობას?
– საკმაოდ რთულ პერიოდში მომიწია ამ თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში ეს გარდამავალი პერიოდი სამაგალითოდ გავიარეთ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მხარე მოწოდებული იყო საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. არცერთი პროექტი არ ჩავარდნილა, რომელიც ამ პერიოდში საკრებულოს სხდომებზე განსახილველად იყო შემოტანილი და შუახევის, მისი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ საკრებულო სრული შემადგენლობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით იღებდა გადაწყვეტილებებს. ყველა მათგანთან თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი ურთიერთობა იყო მერიასა და საკრებულოს შორის. ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა და საკითხების გადაწყვეტა ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნებოდა, კანონებისა და კანონიერების სრული დაცვით. ერთმანეთს დიდი პატივისცემით ვექცეოდით. საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლების ნაწილი ჩემი მოსწავლეები იყვნენ, ან პედაგოგად მუშაობის წლებიდან მიცნობდნენ, ხოლო ნაწილთან სხვადასხვა სფეროში საჯარო საქმიანობაც მაკავშირებდა.
– პროფესიონალიზმი, ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულება გიფასდებათ. შვილები, შვილიშვილებიც ამ გზით მოდიან. . .
– რა გითხრათ, როგორც მზრდიდნენ, ვეცადე, ისე გამეზარდა შვილები. პირველ რიგში, პატიოსნები ყოფილიყვნენ, ეს იყო ჩემი მიზანი. სხვა შემთხვევაში, ვერც სამშობლოს, ვერც საქმის და ვერც ადამიანის სიყვარულს შეძლებდნენ. არაპატიოსანი კაცის პროფესიონალიზმის და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულების რატომღაც არ მჯერა.
– 80 წლის გადასახედიდან არ იცით, რაა პესიმიზმი. დროს უქმად არ კარგავთ და საქართველოში არსებული გვარების ისტორიაზე წიგნი გამოსაცემად მზად გაქვთ. რა გარემოებამ გიკარნახათ, რომ ამ საშურ საქმეს შეჭიდებოდით?
– დრო საკმარისად მაქვს. ქართული გვარების შეგროვება და წიგნად გამოცემა ბევრმა გარემოებამ მიკარნახა. ჩამოთვლა წიგნის გამოცემამდე გადავდოთ. მალე გამოიცემა ,,ქართული გვარების საძიებელი“.
– ცხოვრების დიდი და შინაარსიანი გზა განვლეთ. ქვეყნის ახლანდელ კურსზეც პირადი შეხედულება გექნებათ. . .
– პასუხი ძალიან მარტივი და ნათელია. გადაავლეთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და ხელისგულზე გექნებათ ის წარმატებები, რასაც ბოლო პერიოდში მიაღწია. ამდენი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა პროექტი და პროგრამა არასდროს განხორციელებულა. ეს განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ზომიერი პოლიტიკით, რაც თითოეულ ოჯახზე პოზიტიურად აისახება.
– მეგობრობის ფასი კარგად იცით. ისინი გაკითხავენ თუ თქვენ აკითხავთ?
– იმ ასაკში ვარ, რომ ნაწილმა უნდა მომიკითხოს, ნაწილს ვკითხულობ. ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ როცა ვხვდებით, დიდი ზეიმი გვაქვს, გვიხარია, ვხალისობთ, ერთად გამოვლილ პერიოდს ვიხსენებთ. ძალიან ბევრი მეგობარი წავიდა ჩემი თაობიდან, ნაწილი – ასაკში შესული, ნაწილი იმ პერიოდში, როცა ერთად ვქმნიდით შუახევის ისტორიას. ყოველთვის მიჭირს მოგონება და დღემდე მტკივნეულად განვიცდი ამირან ფუტკარაძის წუთისოფლიდან ნაადრევად წასვლას. ასე მგონია, ჩვენ სხეულები გვქონდა ცალ-ცალკე, სული კი – ერთი. უთქმელად ვხვდებოდით ერთმანეთის სათქმელს და საკეთებელს.
– რაა მთავარი, რომ ადამიანმა სიკვდილის შემდეგაც იცოცხლოს?
– უნდა ეცადო, შენამდე ნაკეთებ საქმეებსა და შენ შემდეგ გაკეთებულს შორის მყარი კავშირი იყოს და საზოგადოება ამით კმაყოფილი დარჩეს.
– დღეგრძელობას და ბედნიერ სიცოცხლეს გისურვებთ. . .
– მადლობა.
ოთარ ცინარიძე