„იყო საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა“
დასავლეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ჩვენს მეზობლებს რუსეთთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი დააკარგვინოს და აიძულოს, გადაიხადონ იმ ავანტიურის საფასური, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ამზადებდა და დღემდე ამზადებს – კერძოდ, რუსეთის დასუსტებისა და, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაშლის მიზნით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამ კონტექსტში მან უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა არ დაუჭერს მხარს კონფლიქტის არანაირ დარეგულირებას, რომელიც რაიმე ფორმით მისი კონტროლიდან გამოიყვანს „ზელენსკის ნაცისტურ რეჟიმს“, ან იმას, ვინც, შესაძლოა, ის მომავალში ჩაანაცვლოს.
„და საქართველო – იყო იგივე მცდელობა, საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა. იქ ჩავიდა კონდოლიზა რაისი (იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი), ასევე შეერთებული შტატების სხვა წარმომადგენლებიც.
სამხრეთ ოსეთში ომამდე ცოტა ხნით ადრე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გაიმართა რუსეთ–ნატოს სამიტი. იქვე, ცალკე გამართულ ნატოს სამიტზე, მიიღეს გადაწყვეტილება: უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ–ნატოს შეხვედრაზე იკითხა: „რატომ გააკეთეთ ეს?“ – ბუნდოვანი ახსნა-განმარტებები გაკეთდა. სრულიად ნათელია, რომ ამის შემდეგ ბატონ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჩვენში იტყვიან, „გონება დაებინდა“. მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ნებადართული იყო, რადგან საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა და მან დაამტკიცა სამხრეთ ოსეთში აგრესია, მათ შორის რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა და, რა თქმა უნდა, ამ აგრესიას მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, მოჰყვა“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, შეიქმნა ევროკავშირის სპეციალური კომისიაც, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს ომი სწორედ სააკაშვილმა დაიწყო.
„თუმცა ყველა დანარჩენისთვის, ვინც დღემდე გვადანაშაულებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „ოკუპაციაში“, ეს თითქოს არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ევროპელების აზრით, „სამხრეთ ოსეთზე“ თავდასხმა არ მომხდარა და რუსეთმა უბრალოდ საქართველოს ნაწილის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა და „ისინი დღემდე აქედან გამოდიან“.