კაია კალასი – საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
By

კაია კალასი – საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

რაც შეეხება უშუალოდ სამიტს, მისი თქმით, „ერევნის სამიტი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია“.

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია, ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა კაია კალასმა.

კითხვაზე, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფანი, კალასმა უპასუხა:

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. რასაკვირველია, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები“, – აღნიშნა მან.

კალასმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს.

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე, ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კაია კალასმა.

 

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *