კაია კალასი – სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჯარები მოლდოვასა და საქართველოში
By

კაია კალასი – სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჯარები მოლდოვასა და საქართველოში

„ევროკავშირს, უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში, შეუძლია მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების  ხელმძღვანელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, ლიმასოლში ჩასვლისას.

კალასმა ირიბად დაადასტურა მედიის ცნობები იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა, არ დანიშნოს კონკრეტული მომლაპარაკებელი ვლადიმირ პუტინთან.

„მგონია, რომ ეს ხაფანგია. რუსეთს სურს, რომ ჩვენ განვიხილავდეთ, ვინ ისაუბრებს მათთან. ისინი უკვე განსაზღვრავენ, ვინ არის მისაღები და ვინ არა. ნუ გავებმებით ამ ხაფანგში. მოლაპარაკებები ყოველთვის კოლექტიური სამუშაოა. გაცილებით მნიშვნელოვანია მათი შინაარსი“, – განაცხადა კალასმა.

კითხვაზე, რას გულისხმობს ეს შინაარსი და რა იქნება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი შესაძლო მოლაპარაკებებზე, მან უპასუხა, რომ საუბარი უნდა შეეხოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის სამხედრო ყოფნას დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც.

„რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებშიც ის ვალდებულებას იღებდა, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს, მაგრამ არის სხვა საკითხებიც. მაგალითად, უკრაინისგან მოთხოვნილი დათმობების სარკისებური შესრულება. თუ საუბარია შეიარაღებული ძალების შემცირებაზე, ეს რუსეთსაც უნდა შეეხოს. და, რა თქმა უნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჯარები მოლდოვასა და საქართველოში. ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ. ისინი არ ერეოდნენ სხვა ქვეყნების არჩევნებში“, – თქვა კალასმა.

კალასმა აღნიშნა, რომ ეს „მაქსიმალისტური მიდგომაა,

მაგრამ რუსეთის მიდგომაც ჯერჯერობით მაქსიმალისტურ მოთხოვნებზეა დაფუძნებული“.

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *