კაპელა ვატიკანში გამოვა
By

 კაპელა ვატიკანში გამოვა

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა (მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი – ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი – თამარ თოფურიძე) 15 ოქტომბერს ვატიკანში, წმინდა აგათას ბაზილიკაში კონცერტს გამართავს. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას ეძღვნება.

იტალიაში გამგზავრებამდე, კაპელამ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონცერტი ჩაატარა, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მოადგილეებთან – ირმა აბულაძესთან და ბადრი ნაკაშიძესთან ერთად დაესწრო.

მუსიკალური პროგრამა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებსა და პატრიარქ ილია II-ის საგალობლებს აერთიანებს. კონცერტი ხელს შეუწყობს ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი კაპელა სწორედ იმ პროგრამით წარსდგა ბათუმელების წინაშე, რომელსაც იტალიელები მოისმენენ. საღამო მუსიკოს ნატო ორაგველიძეს მიჰყავდა.

ბათუმურ კონცერტზე აჭარის კაპელამ, როგორც ყოველთვის, მაღალ დონეზე შეასრულა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. იგი ილია II-ის ნაწარმოებით -„წმინდაო, ღმერთო“ გაიხსნა.

– კონცერტი ვატიკანში ხელს შეუწყობს ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. დღესაც არაჩვეულებრივი საღამო იყო, დიდი ტრადიციების მქონე კაპელამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ წარსდგეს ქვეყნის გარეთ და საზოგადოებას თავისი შესანიშნავი შემოქმედება გააცნოს. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ ვატიკანში გამართულიყო ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. კაპელის იქ გამოსვლა საქართველოსთვის დიდი მოვლენაა, რადგან ჩვენს პატრიარქ – ილია მეორეს, მთელი მსოფლიო სცემდა პატივს,- აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ვატიკანში ჩვენს დელეგაციას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე უხელმძღვანელებს.

– ეს არის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი გასტროლი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას, წლების განმავლობაში მის ნამოღვაწარს ეძღვნება. ის ემსახურებოდა ქრისტიანობის რწმენის განმტკიცებას. ამასთან, წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. ჩვენი პატრიარქი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას ყველა აფასებდა, როგორც გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოში ქრისტიანული რწმენის განვითარებისთვის, საზოგადოებაში ეკლესიის როლის წარმოჩენისთვის. ნამდვილად დიდი პატივია ვატიკანში, წმინდა აგათას ბაზილიკაში, კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უნიკალურ შენობაში ჩვენი კაპელის გამოსვლა. მიხარია, რომ მეც წილად მხვდა პატივი, ამ საღამოს დავესწრო, – გვითხრა ბადრი ნაკაშიძემ. აჭარის კაპელა იტალიაში უკვე გაემგზავრა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *