„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლებისთვის პერსონალური ტრენინგები ჩატარდა
By

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლებისთვის პერსონალური ტრენინგები ჩატარდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლების მასპინძლებს პერსონალური ტრენინგები ჩაუტარდათ. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობდნენ ტრენერები და შეფ-მზარეულები, რომლებიც სერვირებისა და დასუფთავების სტანდარტების, ავთენტური, აჭარული კერძების მომზადების, შრომითი უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, განთავსების პორტალების მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების მიმართულებით ატარებდნენ პერსონალურ ტრენინგებს.
სატრენინგო პროგრამაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე 10 საოჯახო სასტუმრო სახლის მასპინძელი მონაწილეობდა, რომლებმაც სტატუსი მიმდინარე წელს მიიღეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი „კარგი მასპინძელი“ რეგიონში საოჯახო სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024 წელს დაიწყო. ჯამში, აჭარაში 20-მდე „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმრო სახლი ფუნქციონირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას. ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახოსასტუმროების, პოპულარიზაციასა და სტიმულირებას, განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად მასპინძელი უნდა ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახოსასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *