კლასიკური მუსიკის საღამო – სამუსიკო სასწავლებელში
By

კლასიკური მუსიკის საღამო – სამუსიკო სასწავლებელში

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში

კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით და სოლისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი გიორგი ვაჩნაძე.

პროგრამა მოიცავდა ჯოაკინო ანტონიო როსინის უვერტიურას ოპერიდან

„სევილიელი დალაქი“, რომელიც ორკესტრმა შეასრულა და ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო, ცნობილ კონცერტს, რომელიც გიორგი ვაჩნაძემ  მაღალპროფესიონალურად შეასრულა.

– „ძალიან საინტერესო პროგრამა იყო. როსინის უვერტიურა ოპერიდან „სევილიელი დალაქი“, რომელიც ორკესტრმა შეასრულა, ბათუმში პირველად აჟღერდა, ის საკმაოდ რთულად შესასრულებელია, თუმცა ორკესტრმა თავი ძალიან კარგად გაართვა. მსმენელმა, ასევე, მოისმინა ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი, რომელშიც ფორტეპიანოს პარტია შეასრულა და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგად, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ. ის ძალიან ცნობილი პიანისტია, ლექსო თორაძის მოწაფეა. გიორგი ვაჩნაძეს განათლება ამერიკაში აქვს მიღებული. მიხარია, რომ ასეთი კარგი საღამო შედგა. შესრულდა დახვეწილი, საკმაოდ რთული პროგრამა და ამასთან, ძალიან საინტერესოდ. მადლობა მინდა ვუთხრა სოლისტს და ორკესტრს, – აღნიშნა დავით მუქერიამ.

– სასიამოვნო იყო დღეს ბათუმში ბეთჰოვენის ნაწარმოების შესრულება. საქართველოში ვარ დაბადებული, აქ პირველი 23 წელი ვიცხოვრე, შემდეგ ამერიკაში 35 წელი დავრჩი და ისე გამოვიდა, რომ პირველად საქართველოში, ბათუმში გამოვედი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. შესანიშნავი იყო ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. რაც შეეხება მსმენელს, ძალიან თბილი და კვალიფიციურია. ეს დღე მეც ძალიან თბილად გამახსენდება, – თქვა გიორგი ვაჩნაძემ.

– თამამად ვიტყვი, რომ ჩვენს ქალაქში კლასიკური მუსიკის კიდევ ერთი ზეიმი შედგა. მოვისმინეთ როსინის „სევილიელი დალაქის“ უვერტიურა, რომელიც ძალიან კარგად შეასრულა ორკესტრმა და ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტი. მოგვეცა საშუალება, გიორგი ვაჩნაძის შესრულებით, ეს ულამაზესი და ურთულესი ნაწარმოები მოგვესმინა. მან ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინა ეს სამნაწილიანი ნაწარმოები, ბეთჰოვენის რიგით ბოლო კონცერტი. პიანისტი ბოლო  35 წელი ამერიკაში მოღვაწეობდა, მიხარია, რომ ერთ-ერთი წარმატებული პიანისტი საქართველოში დაგვიბრუნდა და აქ დარჩენას სამუდამოდ აპირებს. ვუსურვებ მას წარმატებებს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი საღამოსთვის, – გვითხრა მუსიკის პედაგოგმა ნატო ორაგველიძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *