კონგრესი – ახალგაზრდების პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული კონგრესის გახსნის ღონისძიებაში.
კონგრესს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე ახალგაზრდებს გაესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათზე პასუხები.
ღონისძიების ფარგლებში, განიხილეს ახალგაზრდებში პიროვნული განვითარების, მოტივაციის ამაღლებისა და დროის ეფექტიანი მართვის საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოლოგი და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია გოცაძე.
„როცა ვსაუბრობთ მომავალზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ახალგაზრდებს. სოლიდარული, მოტივირებული, ძლიერი, აქტიური და ორგანიზებული მომავალი თაობა განვითარებული სახელმწიფოს, მისი მომავლის საწინდარია. ჩვენი გუნდის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს განათლების ხელმისაწვდომობას, შესაძლებლობების რეალიზებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ ეს ქმნის კიდეც ძლიერ საზოგადოებასა და ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდული კონგრესის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში მართავს მსგავსი ფორმატის არაერთ შეხვედრას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.
ახალგაზრდულ კონგრესში მონაწილეობდა აჭარის რეგიონში რეგისტრირებული 14-დან 29 წლის ჩათვლით 300-მდე ახალგაზრდა.