კონკურსი ცნობილი მხატვრის  პრემიის მოსაპოვებლად
By

კონკურსი ცნობილი მხატვრის  პრემიის მოსაპოვებლად

სიმონ ართმელაძე პირველი ხულოელი იყო, რომელმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა (უჩა ჯაფარიძის კლასი). აკადემიის დასრულებისთანავე, ხულოში დაბრუნდა და მრავალი ახალგაზრდა სახვით ხელოვნებას აზიარა. მისი ინიციატივით ხულოში სამხატვრო სასწავლებელი და გალერეა გაიხსნა. სიცოცხლის ბოლო წლებს ხულოსა და ბათუმში ატარებდა.
2025 წელს ქალაქ ბათუმის  და ხულოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი სტრუქტურების ინიციატივით, მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდა – ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N12 სახლზე, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებს  საქართველოსა და აჭარის დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენოსანი  სიმონ ართმელაძე ატარებდა, საზეიმო ვითარებაში  მემორიალური დაფა გაკეთდა. ეს კიდევ ერთი აღიარება იყო ხელოვანისა, რომელმაც თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში.

ამავე ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ ა(ა)იპ „მხატვარ სიმონ ართმელაძის სახელობის ხულოს სახელოვნებო სკოლაში“ ყოველწლიურად ჩატარებულიყო კონკურსი  ხატვაში სიმონ ართმელაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. პირველი კონკურსი 2025 წლის მაისში გაიმართა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინ, კონკურსი  მეორედ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ  ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და სახელოვნებო სკოლების ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი შემოქმედება  გაეცნოთ საზოგადოებისთვის და დიდი მხატვრის სახელთან დაკავშირებული პრემიისთვის ებრძოლათ.

გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება   ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს,  ფულადი პრემიებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მაისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *