ლადო სეიდიშვილი საკათედრო ტაძრის ეზოში გადმოასვენეს
აჭარაში მოღვაწე მწერლების თხოვნით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწე ლადო სეიდიშვილის ნეშტი ფერიის პანთეონიდან ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში გადმოასვენეს. მიცვალებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ, საზოგადოებამ აჭარის მწერალთა სახლში გადაინაცვლა, სადაც მწერალთა სახლის ორგანიზებით პოეტის ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ლადო სეიდიშვილის ლექსებისა და სონეტების კრებულის „თეთრი ნიჟარის სევდა“ წარდგინება მოეწყო, რომელიც აჭარის მწერალთა სახლმა 2025 წელს „საიუბილეო სერიით“ გამოსცა და პოეტის 95-ე წლისთავს მიუძღვნა.
მწერალი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე ლადო სეიდიშვილი 1931 წლის 21 იანვარს ქალაქ ბათუმში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის სპეციალობით. მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, წიგნის მხატვრობაში.
ლადო სეიდიშვილის პირველი ლექსები 1956 წელს გამოქვეყნდა.
1965-1968 წლებში არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის აჭარის განყოფილების თავმჯდომარედ. 1969 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გახდა.
გამოცემული აქვს ათზე მეტი პოეტური კრებული, მათ შორის: „მზის ხმაური“ (1960 წ.), „ადამის ვაშლი“ (1972 წ.), „ლექსები“ (1979 წ.), „ლექსები, ლირიკული პოემა“, „წვიმის ქანდაკება“ (1990 წ.), „ზნენი და ვნებანი“ (1995 წ.), „სიყვარულის პალიმფსესტი“ (1997 წ.), „სონეტები, მონოლოგები“ (ერთტომეული, 2001 წ.), „რეკვიემი“ (2005 წ.), „სონეტების გვირგვინი“ (2012 წ.), „თეთრი ნიჟარის სევდა“ (2025 წ.)….
დაჯილდოებულია მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით.
გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს.
შეკრბილებმა სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ცნობილი პიროვნება.
– პოეტის, ხელოვანის ნამდვილი ცხოვრება მისი სიკვდილის შემდეგ იწყება. დანარჩენი სიცოცხლესთან მიახლოებაა. მაგრამ ნამდვილი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ იწყება იმიტომ, რომ თუ ნამდვილი ხარ, მერე უნდა იცოცხლო. ადრე ვწერდი: საინტერესოა, რატომ დაუმალეს ქართველმა კრიტიკოსებმა ეს თვალსაჩინო არისტოკრატი საზოგადოებას. მისი ლექსის გაგება არ იყო ადვილი. იმიტომ, რომ ძალიან ღრმა იყო ის ტვირთი, რომელსაც ლადო ეჭიდებოდა. ფილოსოფიური ლექსები ჰქონდა. მხატვრები – მწერლებთან, მწერლები, პირიქით, მხატვრებთან „ამისამართებდნენ“, არადა, მისი ადგილი ორივეგან იყო – უნიჭიერესი მხატვარი და უნიჭიერესი პოეტი გახლდათ. მიხარია, რომ სამართალი აღდგა. მეუფეს მივმართეთ ამის თაობაზე მე და როინ აბუსელიძემ და არ დავუკარგავ მეუფეს სიკეთეს. მადლიერი ვარ მისი. ჩვენ უმადლობო დროში ვცხოვრობთ და მადლობის გადახდის გვეშინია. ეს უნდა ვისწავლოთ. კარგი საქმისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ადამიანებს. იცით რა დროში ვართ? მადლობას ვიხდით ჩუმად და ხმამაღლა ვილანძღებით, – აღნიშნა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.
– მადლობელი ვართ ყველასი, ვინც ითავა და პირველ რიგში, მეუფე დიმიტრის, ვახტანგ ღლონტის, როინ აბუსელიძის… მწერალთა სახლმა საიუბილეოდ წიგნიც გამოსცა. ღირსშესანიშნავია 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამ წიგნის გამოცემა. აქ რომ დაეკრძალათ, ამაზე თავიდანვე იყო საუბარი. ჩვენთვის სევდიანი და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო დღეა. აქ მოვა ახალგაზრდობა, არა მხოლოდ ლადოსთან. გაეცნობიან აქ დაკრძალულთა შემოქმედებას და ეს ყველასთვის კარგია, – აღნიშნა პოეტის ქალიშვილმა, ლიტერატორმა ნატო სეიდიშვილმა.
– ბატონი ლადო ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო. როგორც დღესასწაულს, ისე ველოდებოდით მის მობრძანებას, რადგან ყოველთვის ის კაცი გახლდათ, რომელიც სულ ფიქრობდა სულის ზრდაზე. მასთან ვერ იქნებოდი ჩვეულებრივი, პრიმიტიული მოსაუბრე… ბავშვივით კაციც იყო, მიუხედავად ამოდენა ინტელექტისა, ძალიან ბავშვური სისუფთავე გააჩნდა – გულუბრყვილო იყო. ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო. რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ მინდოდა მისი საღამო გამეკეთებინა, მაგრამ ბატონ ლადოს არ უყვარდა საღამოები და… ვერ შევბედე… თანაც იმიტომ, რომ ლადოს საღამოზე ლექსის მკითხველი ვერ იქნებოდა ის, ვინც მის შემოქმედებას „ყელმოღერებით“ წაიკითხავდა. იქ უნდა ყოფილიყო ის, ვისაც ლექსი ესმოდა. არის ლექსები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვისაა და არის ლექსები, რომლებიც შიგნით, ჩუმად უნდა წაიკითხო… ლადოს ლექსიც ასეთი იყო. ხანდახან, ვინც ღირსეულია, ვისაც გამორჩეულად სცემ პატივს, ის ადამიანი გრჩება უყურადღებოდ. ვისაც პოეზია გვიყვარს, მისი ლექსები მაშინ ზეპირად ვიცოდით, – კარგია, რომ დღეს ტაძრის ეზოში გადმოასვენეს, მაგრამ ეს თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო. ლადო ჭირდებოდა ამ საუკუნეს, – გვითხრა მისმა მეგობარმა, პოეტმა ქეთევან გიორგაძემ.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა


