ლევან მახაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს.
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.
„მცდელობაა, რომ პოლიტიკურ თამაშებს სამართლებრივი პროცესი შესწირონ. უნდა გაიმიჯნოს ეს პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ბრალდების გასაბათილებლად არგუმენტი ირაკლი ღარიბაშვილისგან ან მისი ადვოკატისგან არ გვინახავს და არ მოგვისმენია. პოლიტიკურ ზღაპრებს ვისმენთ. მცდელობაა, რომ პოლიტიკური ზღაპრებით მოსახლეობა გააბრუონ, გონება აურიონ და ემოციებზე ითამაშონ, ამით კი გადაფარონ თუ ჩაფარცხონ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არ მინდა, კონსპირაციის თეორიებში შევიდე, მაგრამ შემიძლია, ორი წერტილი ლოგიკურად დავაკავშირო – ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთ ფლანგზეა. რატომ, ამის განსჯა მოსახლეობისთვის მიმინდვია. მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ აურზაურში გააზავონ და ამით სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას შეეცადონ“, – განაცხადა მახაშვილმა.