მაკა ბოჭორიშვილი: ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელმა შეაჩერა
By

მაკა ბოჭორიშვილი: ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელმა შეაჩერა

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, ინტერპელაციის წესით, პარლამენტარების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი ცალმხრივად შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეჩერებულა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და პოლიტიკური დიალოგის შეჩერება 2024 წელს, ბრიუსელის გადაწყვეტილებით მოხდა:
„ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა – ეს პროცესი საქართველოს მხრიდან არ შეჩერებულა. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“ მიერ“.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, საერთაშორისო ანგარიშებშიც აისახა და საქართველო დღეს ბევრ კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ევროპულ სტანდარტებთან: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველო დღეს ბევრად უფრო დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული სახელმწიფოა, ვიდრე 2012 წელს იყო“.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ 2014 წლიდან, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, რაც, მისი თქმით, 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებითაც დადასტურდა.
ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2024 წლის ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური დიალოგის შეჩერება ევროკავშირის მხრიდან მოხდა და არა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რაც, მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის ისტორიულ და სტრატეგიულ არჩევანს წარმოადგენს, თუმცა პროცესზე მუდმივი პოლიტიკური მანიპულაცია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს: „ამ საკითხებით მუდმივი მანიპულირება მხოლოდ აზიანებს პროცესს და პოლარიზაციას ზრდის“.
მინისტრმა ასევე გაიხსენა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის „შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში დატოვებას“. მისი თქმით, საქართველოს მიზანი რჩება ევროკავშირის წევრობა 2030 წლისთვის: „ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.
ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზეც და განაცხადა, რომ ამ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთისგან არის ოკუპირებული,  გარკვეული თემები, მათ შორის, სარკინიგზო და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ან ნეიტრალიტეტის განხილვა, რეალობას არ შეესაბამება:
„ამ მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასეთი საკითხების განხილვა არარელევანტურია“.
მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო მექანიზმებს აქტიურად იყენებს ოკუპაციის საკითხზე რეაგირებისთვის და მუშაობს ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების წარსადგენადაც.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული თანხვედრა ქვეყანას მხოლოდ სრულფასოვანი წევრობის შემთხვევაში შეუძლია, ხოლო მანამდე, საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უნდა დაეყრდნოს.

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *