მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.