მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ეუთოს დღის წესრიგშია
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ეუთოს დღის წესრიგშია

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორმხრივი თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ხშირი კომუნიკაციის მიუხედავად, ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინისტრის განცხადებით, ვიზიტი ადასტურებს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი ეუთოს ორგანიზაციის დღის წესრიგშია“. მან ხაზი გაუსვა შვეიცარიის განსაკუთრებულ როლსაც, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში უკვე მრავალი წელია, შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
ბოჭორიშვილის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე შედეგების დაძლევის პროცესში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომელიც დიალოგის ერთადერთ ფორმატად რჩება.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, იგნაციო კასისს შესაძლებლობა ექნება, საოკუპაციო ხაზთან გაეცნოს უსაფრთხოების ყოველდღიურ გამოწვევებს. მისივე განცხადებით, საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკისა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ნდობის აღდგენასა და შერიგებას გულისხმობს.
„საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის, დაკავშირებადობისა და ეუთოს ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხები. ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილეა და მზად არის, წვლილი შეიტანოს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპების დაცვაში.
მინისტრმა შვეიცარიასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მზაობაც დაადასტურა და იგნაციო კასისს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *