მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარი მიზანი ნდობის აღდგენა, გამჭვირვალობის გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარი მიზანი ნდობის აღდგენა, გამჭვირვალობის გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება

ვენაში, ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოსა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობას უკავშირდება.
მინისტრის განცხადებით, ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც არღვევს ნდობასა და პროგნოზირებადობას. მისი თქმით, სირთულეებს ემატება თანამედროვე საფრთხეები, როგორიცაა კიბერშეტევები, ჰიბრიდული გამოწვევები და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, რაც უსაფრთხოების სისტემას კიდევ უფრო დაუცველს ხდის.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამ პირობებში, საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარი მიზანი იქნება ნდობის აღდგენა, გამჭვირვალობის გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება. ამასთან, ფორუმი უნდა დარჩეს ეფექტიან პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს რისკების შემცირებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
მინისტრმა ასევე, ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც საქართველო გაამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე თანამშრომლობის გაძლიერება, კონფლიქტების გავლენა ქალებსა და გოგოებზე, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვალდებულებების არსებობა, არამედ მათი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება.

ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კარგად არის ცნობილი უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და სუვერენიტეტის დარღვევა. სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს საქართველოს აქტიურ და პასუხისმგებლიან მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობის პერიოდში.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მჭიდრო თანამშრომლობისთვის პარტნიორ ქვეყნებთან და უკვე წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე, რაც ქვეყნის გრძელვადიან ჩართულობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს. ამასთან, აუცილებელია საერთო ძალისხმევა და თანამშრომლობა. საქართველო თავმჯდომარეობას იწყებს სრული პასუხისმგებლობით და მზად არის, ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *