მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა
ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სიძულვილის ენის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტები.
„სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე.
ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი არ არის მხოლოდ ის კონკრეტული პირი, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მიმართულია საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ.
მისი განცხადებით, შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები და ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს იმის განცდა, რომ შესაძლოა მოძალადე უმცირესობამ ვერბალურად იძალადოს კეთილსინდისიერ უმრავლესობაზე.