მამუკა მდინარაძე – ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. როგორც მან განაცხადა, მისთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია.„ძალიან დიდი პატივია და, მეორე მხრივ, დიდი გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია. ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია. ამ მიმართულების გაძლიერება, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ ასე გამომივა. ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ დაუღალავად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.