მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების გარშემო ოპოზიციის მხრიდან გავრცელებული კრიტიკა და სპეკულაციები უსაფუძვლოა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„დღეს რა ხდება ანაკლიაში? ანაკლიაში დაიწყო აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა წინასამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები. დღეს უკვე ადგილზე თქვენ ნახავთ აქტიურ სამშენებლო პროცესს. ყველაფერი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ფინანსური ოპტიმიზაციის შედეგად, ანაკლიის პორტის ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა, თუმცა, პროექტის მოცულობა და ძირითადი კომპონენტები უცვლელი დარჩა.
მინისტრმა,ასევე, ისაუბრა აზერბაიჯანთან მიღწეულ ენერგეტიკულ შეთანხმებებზე და აღნიშნა, რომ მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პირობები შეთანხმდა.
„სოციალური გაზის ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ვადა გასდიოდა. ჩვენ თადარიგიანად დავიწყეთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. დღეს სასიხარულოა, რომ არსებული 20-წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ახალი ხელშეკრულებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ სოციალური გაზი სოციალურ ფასად“, – აღნიშნა მინისტრმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, შეთანხმებები ფარავს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების განახლებას და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს.