მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
By

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრმა რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
„ამ დიდი ისტორიის მთავარი შემოქმედი ხართ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ყოველდღიურად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისა და ერთგულებისთვის. დღეს საქართველოს რკინიგზა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ახალი მენეჯმენტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიის მართვაში, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ეფექტიანობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და 175 მილიონ ლარს მიაღწია. „სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების დრო განახევრდა. სწორედ აღნიშნულმა შედეგებმა მოგვცა შესაძლებლობა, 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„საქართველო ისტორიულად იყო რეგიონებისა და ეკონომიკების დამაკავშირებელი ქვეყანა. დღეს, როდესაც საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, ჩვენი ქვეყნის როლი კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება. საქართველოს რკინიგზა ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. „საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი, დღეს კი აქ წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში, “ – განაცხადა მინისტრმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *