მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის – „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, პროექტი აჭარაში 2025 წლის 1 ივლისიდან ხორციელდება. მას ამჟამად, კოორდინაციას უწევს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. პროექტის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხარისხისა და უწყვეტობის გაუმჯობესება, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის ეფექტიანი გამოყენება და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები შეაჯამეს, იმსჯელეს სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე. იაპონელმა ექსპერტებმა შეკრებილთ დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით იაპონიის გამოცდილება გააზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ასევე, საპილოტე კვლევის შედეგები და აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის გამოყენების პრაქტიკა. საპილოტე დანერგვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.