მემთეურთა ავადობის კვლევა – მთა ჩირუხში
By

მემთეურთა ავადობის კვლევა – მთა ჩირუხში

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მესამე წელია ახორციელებს პროგრამას: „აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“. წელს პროგრამის მიმდინარეობას რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.

მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები დაიწყო. მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე დაესწრნენ.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. ამჯერად სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი იყვნენ: ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. პაციენტებს მედიკამენტების პაკეტიც გადაეცათ.

– სერვისი ხელმისაწვდომია მთიანი აჭარის 7 მთასა და 11 მთიანი სოფლის ამბულატორიაში. პროგრამის რეალიზაციაში ჩართულნი არიან რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს პროფესიონალი ექიმები, – თქვა ნინო ნიჟარაძემ.

– ჩემთვის ცნობილია ის სამუშაოები, რასაც ზაფხულის განმავლობაში მემთეურები ეწევიან. მათი ხელშეწყობა ყველას ვალია. ანალოგიურ კვლევებს, მთაში მოსახლეობასთან შეხვედრებს, სისტემატური ხასიათი ექნება, – გვითხრა სოფიო ბაკურიძემ.

შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეების მკვიდრი დიმიტრი ცეცხლაძე ზაფხულს მთა ჩირუხში ატარებს.

– რამდენიმე წლის წინ მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ახლა ექიმების კონსულტაცია უფასოდ გავიარე. მსურს მადლობა გადავუხადო პროგრამის ინიციატორებსა და ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამას ახორციელებენ, – თქვა დიმიტრი ცეცხლაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *