მზია გოგაძე: დასანანია, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ
მზია გოგაძე 35 წელია პედაგოგიურ სარბიელზეა. აჭარის მთიანეთის 4 სკოლაში საქმიანობდა. ამჟამად, დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობს და მშობლიურ ენასაც ასწავლის. მას, აჭარის მთიანეთში პირველს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. მზია გოგაძე იმათ რიგებშია, ვინც სიტყვითა და საქმით, ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე დგას, რაც მასთან საუბარშიც გამოიკვეთა.
– ქალბატონო მზია, იმ სკოლის მოსწავლე იყავით, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული მასწავლებლები შოთა ჯიბლაძე და მუხამედ ბათაძე მუშაობდნენ. როგორ გაიხსენებდით მათ?
– ისინი ჩემი საყვარელი მასწავლებლები იყვნენ. მოსწავლეებს ქართული ენის უდიდეს სიყვარულს გვინერგავდნენ. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ მათი მონაყოლიდან ვიცი, ვინაიდან მაშინ მხოლოდ 4 წლის ვიყავი. შოთა ჯიბლაძე და მუხამედ ბათაძე იმ საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ, რომელიც ბათუმშიც გაიმართა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად.
– ნებსით თუ უნებლიეთ, მკვიდრდება უცხო ენიდან შემოსული სიტყვები. . .
– ქართული ენა უძველესი და ერთობ განვითარებული ენაა. ამ ენაზე ყველაფერი გამოითქმება და თან ძალიან მოხდენილადაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მოქალაქეების მეტყველება გაჯერებულია უცხო ენებიდან შემოსული სიტყვებით და ეს მაშინ, როცა მათი შესატყვისი ქართული სიტყვები მოგვეპოვება. დასანანია, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვას ჯეროვან ყურადღებას აღარ ვაქცევთ.
– როგორც ქართული ენის მასწავლებელი, რას აკეთებთ მშობლიური ენის დასაცავად?
– მე და ჩემი კოლეგები ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქართული ენის სიწმინდის დაცვას. წერისა და მეტყველების დროს დაშვებულ შეცდომებს, განსაკუთრებით, ბარბარიზმების ხშირი გამოყენების შემთხვევებს, უყურადღებოდ არ ვტოვებთ. თვითონ მოსწავლეებიც აკვირდებიან დაშვებულ შეცდომებს და უსწორებენ ერთმანეთს.
– წინა ხელისუფლებამ, ხელის ერთი მოსმით გააუქმა ის სამსახურები, რომლებიც ქართული ენის სიწმინდეს იცავდა. დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
– ქართული ენის სიწმინდის დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტად უნდა იქცეს, რათა დავიცვათ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა წაბილწვისგან. სალიტერატურო ქართულით უნდა მეტყველებდეს ყველა: სახელისუფლებო სტრუქტურების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, მოსწავლეები, რიგითი მოქალაქეები, რამეთუ მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი. განსაკუთრებით სცოდავენ ტელეჟურნალისტები.
– განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები რამდენად ითვალისწინებს ენის დაცვას?
– ბოლო წლების განათლების რეფორმებმა რიგი პრობლემები შექმნა სწორედ მშობლიური ენის დაცვის მიმართულებით. საჭიროა სათანადო ყურადღება დაეთმოს ქართული ენის გრამატიკის სწავლებას. არსებული სახელმძღვანელოები, ამ თვალსაზრისით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მოსწავლეს კარგად ახსნილი თეორიული მასალა სჭირდება. ამ შემთხვევაში მე, ჩემი კოლეგები და მოსწავლეები, აკაკი შანიძის გრამატიკის სახელმძღვანელოს ვიყენებთ დამხმარე რესურსად. ვიმედოვნებთ, რომ ახალ რეფორმაში, როცა მალე ერთიანი სახელმძღვანელოები გვექნება, ამ საკითხს გაითვალისწინებენ, რადგან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ბატონ გივი მიქანაძის პედაგოგებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, ეს საკითხიც დაისვა.
– საქართველომ და მართლმადიდებლურმა მრევლმა უკანასკნელ გზაზე გააცილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მის ეპისტოლეებს რამდენად ითვალისწინებთ?
– ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგებები და შეგონებები, ჩვენთვის უძვირფასესია. მუდამ გვახსოვს მისი კურთხევა ქართველ მასწავლებლებს: გვიყვარდეს მოწაფეები და არასოდეს დავუწეროთ ორიანი, ვაჩუქოთ მათ სიყვარული, რათა მათაც შეიყვარონ ადამიანები. თავადაც, სიცოცხლეშივე უდიდეს სიყვარულს გრძნობდა ქართველი ხალხისგან, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ სამყაროს აჩვენა სიყვარული ქართულად. ზღვა ხალხი უხმოდ, ქრისტიანული თმენითა და თავისი სულიერი მამის სიყვარულით გამსჭვალული, საათობით იდგა რიგში (მათ შორის, მეც), რათა უკანასკნელად ეხილა ჩვენი დიდი მოამაგე და ჩვენთვის მლოცველი, ცხოვრებისგან დამაშვრალი მამა. ეს იყო პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქართულ ეკლესიას თუ ეროვნულ ღირებულებებს პატივს არ სცემს. მე მათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სიტყვებით ვუპასუხებ: „მართლმადიდებლურ ტრადიციაში ყველაზე დიდი გავლენა ხშირად არ ეკუთვნით მათ, ვინც ხმამაღლა საუბრობს – არამედ მათ, ვინც სიჩუმეში ამყარებს წესრიგს“.
– ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მნიშვნელობას ანიჭებთ?
– ოჯახი წმინდათაწმინდაა. ქართული ოჯახების სიმრავლე და სიმტკიცე ინებოს უფალმა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივას ხელისუფლებამ პატივი დასდო იმით, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის და უქმედ გამოაცხადა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა ქართველმა სითბო და სიყვარული უნდა აჩუქოს საკუთარ ოჯახს.
– მასწავლებლის, სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე მყოფი, აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ფერმერულ მეურნეობასაც უძღვებით. . .
– მიყვარს შრომა, გონებრივი თუ ფიზიკური, ჩემი მოსწავლეების ცოდნა და წარმატებები მახარებს. ჩემი ხელით მოყვანილს რომ მივართმევ ადამიანებს, ესეც მახარებს. მშობლიურ მიწასთან ახლოს მყოფს, უკეთ მესმის ვაჟას, გალაკტიონის, გოგლას ქართული: „ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ..“ „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული…“ „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები. . .“
– კრიტიკულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ. როგორ ახერხებთ?
– „ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა კაცს, რომ თავისთავსა და თავის ღმერთს მიაგნოს“ – მიყვარს კონსტანტინე გამსახურდიას ეს სიტყვები, ყველაფერი უფლის ნებაა, თვით გენეტიკაც, რომელმაც განაპირობა ჩემი ბუნება, ჩემი ხასიათი, თუმცა ცხოვრებაც უდიდესი მასწავლებელია.
– რას უსურვებდით 9 აპრილის მომსწრე თაობას და მის მემკვიდრეებს?
– 1989 წლის 9 აპრილი – დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და 1991 წლის 9 აპრილი – დღე დამოუკიდებლობის აღდგენისა და წამებულთა სულების ზეობისა. ამ მოვლენების მომსწრე მეც ვარ, ჯერ ტანჯვისა და შემდეგ სიხარულის ცრემლებისა, უდიდესი ბედნიერებისა და სიამაყისა, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ და გაუნელებელი ემოციებით ვუყვები ჩემს მოსწავლეებს. იმ 9 აპრილისა და ყოველი 9 აპრილის თაობას ვუსურვებ, უპირველესად, სამშობლო უყვარდეთ, ერთმანეთი უყვარდეთ, ჩვენი საქმე გვიყვარდეს. ყველამ ერთად საქართველოს მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ.
ოთარ ცინარიძე