მზიური შავაძე: ადამიანობა, შრომა და სამშობლოს სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა შორისაა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი მზიური შავაძე. იგი „აჭარის“ სტუმარია.
– ქალბატონო მზიური, ერთობ საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ: ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში გაატარეთ, საშუალო სკოლა შუახევის რაიონის სოფელ ნიგაზეულში დაამთავრეთ, უმაღლესი განათლება თბილისში მიიღეთ (სულხან–საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი), მერისელი თურმანიძეების რძალი ხართ და დაბა ქედაში ასწავლით. . .
– ცხოვრების გზა საქართველოს ძირძველი კუთხეების ყველაზე თბილ ფერებს აერთიანებს. დიახ, ბავშვობა გურიის მზიან სოფელ აკეთში გავატარე. . . არასდროს მიფიქრია სიმდიდრეზე, ფუჭ განდიდებაზე, დაუმსახურებელ ჯილდოებზე, ჩემი მიზანი იყო და დღესაც არის, სითბო მივიტანო საკლასო ოთახში. შვილებსა და მოსწავლეებს ვუჩვენო, რომ ადამიანობა ყოველგვარ ცოდნაზე მაღლა დგას. მინდა, თითოეულმა ბავშვმა, რომელიც გაკვეთილზე შემოვა, იცოდეს, რომ ის არის პიროვნება და აქვს ძალა, შეცვალოს თავისი და სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ.
– 35 წელი მომავალი თაობის აღზრდის საპატიო საქმეს მოახმარეთ. შრომა დაგიფასდათ. რამდენად ელოდით, რომ იმ 10 პედაგოგს შორის იქნებოდით, რომლებმაც 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურეს?
– იცით, როცა 35 წელი მთელ შენს ენერგიას, სულიერებასა და სიყვარულს სკოლას უთმობ, გულის სიღრმეში მთავარი ჯილდო ის ცოცხალი თვალები და ნდობაა, ყოველდღე მოსწავლეებისგან რომ იღებ. ამიტომ, წინასწარ განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია. ქვეყნის მასშტაბით ასეთ რჩეულ ათეულში მოხვედრა სიხარულიც არის და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას ვეტყვი ჩემს სკოლასა და ადგილობრივ რესურსცენტრს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იმ მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რასაც პედაგოგის შრომის დაფასება ჰქვია.
– ვის უმადლით ამ აღიარებას?
– პირველ რიგში, იმ განვლილ გზას, რომელმაც შინაგანი სიმტკიცე და სიცოცხლისუნარიანობა მასწავლა. ვუმადლი ჩემს სკოლას, კოლეგებს, იმ თბილ, პროფესიულ გარემოს, სადაც წლებია ვსაქმიანობ და სადაც ერთად ვქმნით მომავალს, უზარმაზარ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობ.
– ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხართ. ეს სპეციალობა რამდენად გეხმარებათ, დღეს, მოქალაქეობის მასწავლებელს?
– სამოქალაქო განათლების მასწავლებლის როლი სცილდება ჩვეულებრივი სასკოლო დისციპლინის ჩარჩოებს, ის აყალიბებს არა უბრალოდ მოსწავლეს, არამედ ადამიანს, რომელიც ხვალ სახელმწიფოს და საზოგადოების ბედს განსაზღვრავს. როცა პედაგოგი ამ საქმეს მთელი სულით და გულით ემსახურება, სარგებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იკვეთება პირველ რიგში, ესაა თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ბავშვებს ასწავლის, იფიქრონ დამოუკიდებლად და არ მიიღონ ინფორმაცია მზა, ბრმა სახით. ეს არის უდიდესი მისია – აღზარდო თაობა, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს და მისი არგუმენტირებულად დაცვა შეუძლია, აქვს ადამიანურობა, ემპათია და სხვისადმი პატივისცემა. კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ დემოკრატია და კანონის პატივისცემა მარტო წიგნებიდან არ ისწავლება, ის ურთიერთობებით იწყება. სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ბავშვებს ასწავლის განსხვავებულის მიღებას, თანაგრძნობას, სხვისი უფლებების დაცვას. პროფესიით ფილოლოგი, განსაკუთრებით კარგად ვგრძნობ, რომ ჭეშმარიტი მოქალაქეობა მშობლიური კულტურის, ისტორიისა და ზნეობრივი საძირკვლის სიღრმიდან იზრდება.
– იყო თაობების დამკვალიანებელი, დიდი პატივია, თუმცა არანაკლები პასუხისმგებლობაა გაზარდო, ცხოვრების სარბიელზე გამოიყვანო უმამოდ დარჩენილი სამი შვილი. . .
– დიახ, დიდი პასუხისმგებლობაა სამი შვილის გაზრდა. ჩემი მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა. ამ მძიმე გზაზე მარტო არასდროს ვყოფილვარ, გვერდით მედგნენ ჩემი და მეუღლის მშობლები, მერისის თემი და სასკოლო საზოგადოებაც. ჩემმა შვილებმა მერისის საჯარო სკოლა დაამთავრეს და დღემდე სიამაყით, მადლიერებითა და პატივისცემით ახსენებენ მშობლიურ საგანმანათლებლო კერას. ყველას თანადგომით, სიყვარულითა და ზრუნვით შევძელი, რომ ჩემი შვილები დღეს დამოუკიდებელი, თავიანთ პროფესიაში რეალიზებული, ღირსეული ადამიანები, ეროვნული ადათ-წესების დამცველები არიან.
– სიბრძნის ასაკში მყოფს რა მიზნები გაქვთ?
– ჩემი მიზანი ახლაც და მომავალშიც ისაა, რომ ერთგულად ვემსახურო არჩეულ პროფესიას, შვილებს, მოსწავლეებს. ვიყო სინათლე იქ, სადაც სხვებს სიბნელიდან გამოსვლა უჭირთ და გულით ვატარო იმ ადამიანის ხსოვნა, ვინც ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი ნაწილი იყო. რა მიზნები შეიძლება მქონდეს?. . ალბათ ის, რომ არ დავკარგო მთავარი – ადამიანობა და რწმენა იმისა, რომ მე ეს შემიძლია.
– წინაპრების სამკვიდროა ხულოს რაიონის ისტორიული სოფელი უჩხო, გურია გამორჩეულია იუმორით, მერისი – სტუმართმოყვარეობით. ეს ნაზავი მზიური შავაძის პიროვნულ თვისებებში რა როლს თამაშობს?
– როცა ეს ყველაფერი ერთ ადამიანში იყრის თავს, შედეგად ვიღებთ ძლიერ, იუმორით სავსე, სტუმართმოყვარე და მიწაზე მტკიცედ მდგომ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტკივილი სიკეთედ და სითბოდ აქციოს. სწორედ ამ შინაგანი ძალის წყალობით შევძელი, ცხოვრებისეული ქარტეხილები და მძიმე განსაცდელები სიცოცხლის ხალისად, შვილების სიყვარულად და მოსწავლეებისადმი უზომო თავდადებად მექცია. თითოეული ჩვენგანის დანიშნულება ხომ ის არის, სადღაც, ვიღაცისთვის ვიქცეთ სინათლედ, გავცეთ იმაზე მეტი მადლი, სითბო და მზრუნველობა, გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ვიდრე თავად მიგვიღია. და თუ დღეს ამ სცენაზე ვდგავარ, ეს იმის დასტურია, რომ წარსულის ტკივილიც და სიხარულიც ერთად ყოფილა იმ დიდ მიზანთან დაკავშირებული, რასაც ღირსეული ადამიანების აღზრდა და ქვეყნის სამსახური ჰქვია.
– პროფესიული წარმატება ყოველთვის სასიხარულოა. ვისგან მიიღეთ პირველი მოლოცვები?
– დარბაზში მყოფებს თუ ჩავთვლით, სკოლის დირექტორისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელის გულწრფელი მოლოცვები პირველი იყო. სატელეფონო ზარებით უახლოესმა მეგობრებმა დაასწრეს ყველას. თუმცა მოლოცვების სია გრძელია, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ გზა, რომელსაც ვადგავარ და ვემსახურები, ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია.
– ჯილდოს მფლობელთა შორის მხოლოდ ერთია კაცი, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოში მომავალი თაობის აღზრდის საპატიო საქმის სათავეებთან, ძირითადად, ქალბატონები ხართ.
– მართლაც ასეთია დღევანდელი რეალობა – საქართველოს სკოლებში მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალები ვართ. ეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის სოციალური სურათია. ალბათ ბუნებრივიცაა, რომ ამ ჯილდოს მფლობელთა შორისაც ასეთი თანაფარდობაა.
– 35–წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გზაზე თუ გაიხსენებთ მოსწავლეებს, რომლებიც სანიმუშო ქცევითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ?
– როდესაც ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, ქართველებისა და აფხაზების ძმობის კარგი მაგალითი გაიხსენეთო, მან უპასუხა: „არძმობისას ვერ ვიხსენებ და ეგ როგორ გავიხსენოო!“ იგივეს გეტყოდით მეც. ყველა მოსწავლეს ვემადლიერები.
– დაბოლოს: რა სურვილებს დაგვიტოვებდით?
– პირველ რიგში – გულწრფელობის და ერთმანეთის ნდობის. ნუ დავკარგავთ იმ უნიკალურ უნარს, რომ ვგრძნობდეთ სხვის ტკივილს და ვხარობდეთ სხვისი წარმატებით; მეორეც – სიმტკიცეს, ლაღ, კეთილ იუმორს, იმიტომ, რომ ცხოვრებაში მრავალი ავდარი იქნება, მაგრამ მხოლოდ ღიმილსა და სითბოს შეუძლია მისი დაძლევა, გადალახვა. მივცეთ შვილებს, მოსწავლეებს და გარშემომყოფებს მაგალითი – ადამიანობა, შრომა და სამშობლოს სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. იცხოვრეთ ისე, რომ თქვენი წარსულის არასდროს შეგრცხვეთ და მომავალს თამამად უყუროთ, უკან მოხედვის არ გეშინოდეთ.
ოთარ ცინარიძე