„მთავარ მიმართულებად ტყეების განაშენიანება რჩება“ 
By

„მთავარ მიმართულებად ტყეების განაშენიანება რჩება“ 

აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ამ თანამდებობაზე იმედა მაკარაძე დაინიშნა.   მას დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობით, მაგისტრატურაც აქვე გაიარა საფინანსო და საბანკო საქმის მიმართულებით. გარდა ამისა, ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელ „ახალ ტალღაში“ სატყეო საქმეც შეისწავლა. იმედა მაკარაძე შუახევში ტყეების დაცვის, მოვლისა და შენარჩუნებისთვის საჭირო საქმიანობაზე გვესაუბრება.

– ბატონო იმედა,  რამდენად იცნობთ შუახევს?

– სოფელ ოლადაურში დავიბადე და დღემდე ამ სოფელთან კავშირი არ გამიწყვეტია. საზოგადოება  ბაბუას,  რევაზ მაკარაძეს, შრომისმოყვარე, ალალ კაცად იცნობდა. იგი ღვთისმსახური იყო. მამა და მეც მის გზას ვაგრძელებთ. სოფლის საქმეები ჩემთვის უცხო არაა. გარემოს, განსაკუთრებით  ტყის რესურსების დაცვის, მოვლა-შენახვის შესახებ მოსწავლეობის პერიოდში რამდენიმე თემაც მაქვს დამუშავებული.

ყოველი ახალი ხელმძღვანელი ახალი იდეებით მოდის…

– ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ცუდი მემკვიდრეობა არ მრგებია. შუახევის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 35-მდე თანამშრომელს ბევრი აქვს გაკეთებული და ერთად მუშაობით კიდევ ბევრს შევძლებთ. ტყე და მისი რესურსი დიდ სიფრთხილესა და სიფხიზლეს ითხოვს. ერთ დროს აქტუალური იყო ფრაზა: ტყე დავიცვათ მეტყევეებისგან. საჯაროდ ვაცხადებ, რომ მიუტევებელი ვიქნებით, თუნდაც დიდი დამსახურებისა და გამოცდილების მეტყევის მიმართ, რომლისგანაც ტყე გახდება დასაცავი.

ტყეს ჭიშკარი არ აქვს, ვერც  ურდულს დაადებ…

– გეთანხმებით, მაგრამ ტყის რესურსი არც ნემსია, რომ ქუდში დამალო. თაობები იცნობდნენ მეტყევეებს, რომლებიც დიდი რისკის ფასად, ბუნებით ბოძებულ განძს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. მთა ჩირუხის შემოგარენში არსებულ ტყეებს წინა საუკუნის 90-იან წლებში კარგი დამცველი რომ ჰყოლოდა, ასე არ განადგურდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით მთა ღომას ტყეებზე. საზოგადოება ახლაც ემადლიერება ნოდარ აბუსელიძეს, ბაირამალ ნაკაშიძესა და ახმედ ბერიძეს. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მთა ღომას ტყეებიდან დიდი რაოდენობით მერქანი გადის. ტყე უფლის ბოძებული სიმდიდრეა, რომელსაც ყველა უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას.

– სოფლები ცარიელდება, ადგილზე ტყის რესურსების მოხმარება მცირდება. ამ პროცესებზე რას იტყვით?

ოღონდ ჩვენი სოფლები არ დაცარიელდეს, სიცოცხლე და შრომა გაგრძელდეს და ადგილობრივთა საარსებოდ ტყის რესურსი ყოველთვის გამოინახება. ყოვლად მიუღებლად  მიმაჩნია, რომ ერთეულები ტყის რესურსების ხარჯზე ხელის მოთბობას ცდილობენ… მათი ეპოქა დასრულდა.

უკვე ამბობენ, რომ მკაცრი და მომთხოვნი ხართ…

– ჩემი მისამართით რასაც ამბობენ, სიმართლეა. მაქსიმალურად ვცდილობ, ალალი, მშრომელი ადამიანი არ დავაზარალო.

– მთავარ მიმართულებად ტყეების განაშენიანება რჩება.  

– როგორც სპეციალისტმა, კარგად ვიცი, რომ მსოფლიოში იშვიათია ტყის ბუნებრივი განაშენიანების ისეთი მაჩვენებელი, როგორიც აჭარას აქვს. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 30-40 წლის წინ პირწმინდად გაჩეხეს, ისეთი ბუნებრივი აღმონაცენია, რომ ავ თვალს არ ენახვება. მოსახლეობის კლებასთან ერთად, მაქსიმალურად შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა, თხა და ცხვარი საერთოდ აღარაა, ესეც აღმონაცენის დროულ გაზრდას უწყობს ხელს. შუახევში ტყეებს 39 ათას ჰექტარზე მეტი უჭირავს, ღომასა და ჩირუხში რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია გვაქვს შემოღობილი. პირუტყვი რომ აღარ ბალახობს, აღმონაცენიც ნორმალურად იზრდება.

მოსახლეობა ხე-ტყით სარგებლობის ნებართვას (ბილეთებს)  წლის მეორე ნახევარში იღებს, რაც რიგ პრობლემებს ქმნის – ამინდების გაუარესების გამო, ტყიდან შეშა და სამასალე მერქანი ვეღარ გამოაქვთ…

– აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები გვპირდებიან, რომ ეს პრობლემაც დაიძლევა. როგორც კი ბილეთები გაიცემა, ჩვენი მხრიდან მოსახლეობას შეფერხებები არ ექნება.

– შუახევში არის ისეთი ტერიტორიები, სადაც ტყის დიდი რესურსია, რომელიც ფუჭდება. მის გამოყენებასთან დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ?

– ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არაა. აჭარაში გვყავს ცნობილი მეცნიერები და მათი რეკომენდაციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *