მთავრობის თავმჯდომარე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
By

მთავრობის თავმჯდომარე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების – აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ტურიზმის მიმართულებით ყურადღება გამახვილდა სამიზნე ბაზრების ათვისების, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების განვითარების და გოდერძის უღელტეხილის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების საკითხებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადების მუდმივ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა.

– ტურიზმი ჩვენი რეგიონის განვითარებისა და წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოვისმინეთ ტურიზმის დეპარტამენტის დეტალური ანგარიში სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მიზნად ისახავს სერვისების გაუმჯობესებას და ეს უახლოეს პერიოდში აუცილებლად აისახება როგორც სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, ისე ჩვენს რეგიონში ვიზიტიორთა რაოდენობის ზრდაზე, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გზების მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც  აქტიურად მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება.

– საგზაო დეპარტამენტში საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა გვქონდა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, ცენტრალური, შიდა, სასოფლო გზების რეაბილიტაციის შესახებ. გზების ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების შექმნა  არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ზრუნავს, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანია ყველა სამთავრობო რგოლის და უწყების კოორდინაცია, ერთიანი ხედვის ფორმირება და საერთო ძალისხმევით, რეგიონის მრავალფეროვანი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.

  • No Comments
  • მაისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *