,,მისი საქმისადმი ერთგულება და ქველმოქმედება არაერთი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საწინდარი გახდა’’
ზესოფელში – წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის, კელიების მშენებლობა და ტაძრის მოხატულობა, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელ თეარ ბერიძის უკვდასაყოფად – მახუნცეთის კლდეში მემორიალის „სამშობლოს სადარაჯოზე“ გაკეთება, სატბაოს უბანში – ხულოს სავიზიტო ბარათად ქცეული „მეხორუმეების“ ქანდაკება, თაობების ნატვრის ასრულება- დაბა ხულოს ცენტრში აბუსერისძე ტბელის ძეგლის დადგმა – ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ კულტურული, ისტორიული და ჰერალდიკული ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო თანხები ბიზნესმენმა გრიგოლ (ენრიკო) ბერიძემ გაიღო.
გრიგოლი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც ბევრს აკეთებენ, გაკეთებულზე ნაკლებს საუბრობენ და კიდევ მრავლის გასაკეთებლად თადარიგს იჭერენ. ხულოელებმა ქველმოქმედს ამაგი დაუფასეს და შარშან „საპატიო ხულოელად“ აირჩიეს. მისი საქმეები და სახელი გახმიანდა წლევანდელი „ტბელობის“ სახალხო ზეიმზე, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ აბუსერისძე ტბელის ძეგლს საბურველი ჩამოხსნეს. გრიგოლ (ენრიკო) ბერიძის ქველმოქმედებაზე ისაუბრა პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ: „ ბატონ ენრიკოს აჭარის რეგიონის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სახელით, მინდა გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მადლისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მოსახლეობის, კუთხისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ აკეთებს. მისი პრინციპულობა, საქმისადმი ერთგულება და ქველმოქმედება არაერთი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საწინდარი გახდა. მისი მხარდაჭერით არაერთმა სტუდენტმა შეძლო სწავლის გაგრძელება და სასურველი განათლების მიღება, ბევრმა ავადმყოფმა საჭირო მკურნალობა გაიარა და ჯანმრთელობა დაიბრუნა, მრავალმა ოჯახმა კი მძიმე ყოფითი სირთულე დაძლია. მადლობა უფალს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომლისთვისაც ქველმოქმედება მხოლოდ სხვებისთვის გაწეული დახმარება კი არაა, ცხოვრების წესია. განსაკუთრებით დასაფასებელია ბატონი ენრიკოს ღვაწლი ჩვენი ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერების, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება- წარმოჩენაში. მისი ფინანსური თანადგომით, მრავალი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი და ქანდაკება დაიდგა, რომელიც ჩვენი კუთხის ისტორიას წარმოაჩენს და მომავალს ემსახურება. მადლობა დიდი ადამიანობისთვის, უანგარო სიკეთისთვის, ჩვენი კუთხისა და სრულიად საქართველოს სიყვარულისთვის. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, კეთილდღეობასა და დიდხანს სიცოცხლეს, რათა კვლავაც მრავალი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმის გაკეთება შეძლოს. „სამშობლოს სიყვარულისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა“,- თქვა პარლამენტარმა.
ოთარ ცინარიძე