მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ექსპერტებს შეხვდა – საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება
By

მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ექსპერტებს შეხვდა – საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის შედეგები იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილა განხორციელებული ღონისძიებები, წარმატებული პროგრამები და ამ მიმართულებით არსებული მიღწევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ვალიდაციის პროცესს, რომლის ფარგლებშიც უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს.
მხარეებმა იმსჯელეს ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებზე, ქვეყანაში დანერგილ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, საერთაშორისო პარტნიორობისა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და ელიმინაციის პროცესის მდგრადობისთვის აუცილებელია არსებული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება.

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *