მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს
By

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს“, – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება.

„ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.

სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ეკონომიკური აქტივობა, საგარეო შოკების პირობებში, მდგრადობას ინარჩუნებს. განახლებული ცენტრალური სცენარით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5 პროცენტზე ნარჩუნდება.

გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგები კვლავ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად რისკად რჩება. აღნიშნული გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად, როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები განიხილა.

მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, განახლებული სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. თუმცა, მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობასა და მათ გავლენას. თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სამპროცენტიან მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *