„მოპასუხეს უფლება აქვს, ერთი თვით მოითხოვოს საქმის გადადება“
By

„მოპასუხეს უფლება აქვს, ერთი თვით მოითხოვოს საქმის გადადება“

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ შუამდგომლობის დასაბუთებისას აღნიშნა, მათ შემთხვევაში, დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს.

ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადაიდოს, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისთვის გონივრული ვადა. თქვენ, ბატონო პლენუმის წევრებო, როდესაც საქმე არსებითად განსახილველად მიიღეთ, არ დაგიდგენიათ რეგლამენტისგან განსხვავებული ვადა. შეგეძლოთ შეგემცირებინათ და გეთქვათ, რომ 10 დღის ვადაში წარმომიდგინოს მოპასუხე მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შესაგებელი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს და შემდეგ ეს ჩაითვლება გონივრულ ვადად იმისთვის, რომ მოემზადოს სხდომისთვის. ფაქტობრივად, 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე 7 დღეა სულ და თქვენ დაიწყეთ საქმის ზეპირი განხილვა, რაც, მე ვფიქრობ, რომ პროცედურული სამართლიანობის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით, იმიტომ, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს დამატებულია ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული. გთხოვთ პლენუმის წევრებს, გადადოთ სხდომის განხილვა მინიმუმ იმ ვადით, რომ ჩვენ, რეგლამენტით რაც არის გათვალისწინებული, მოგვცეს შესაძლებლობა. წარმოვადგინოთ შესაგებელი და შემდეგ უკვე ახსნა-განმარტების ეტაპზე გავაგრძელოთ საქმის განხილვა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მოსარჩლე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომელიც სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას.

„ჯერ ერთი, ფაქტობრივი უზუსტობაა – არსად წერია, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას. მეტიც, რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს სარჩელის განხილვას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი გახლავთ ხოლმე მოპასუხე სხვადასხვა სარჩელის ნაწილში და როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა არ ხდება და სრულად ხდება პროცესის მიმდინარეობისას საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი პოზიციების დაფიქსირება. არსად წერია, რომ გინდა თუ არა, შესაგებელს უნდა დაველოდოთ და სხვა შემთხვევაში განხილვა არ შეიძლება“, – განაცხადა გორდულაძემ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *