მორიგი მასშტაბური სკრინინგ-აქცია – შუახევში
By

მორიგი მასშტაბური სკრინინგ-აქცია – შუახევში

ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ-აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, ასევე, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია-შიდსის სკრინინგული კვლევები.

მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ზედმეტი ბარიერების გარეშე მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სერვისები, რაც პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდასა და ჯანმრთელობის რისკების დროულ პრევენციაზე.

გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებით, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

სკრინინგ-აქციის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *